logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: გმადლობთ, ჩვენო უსაყვარლესო მეგობარო და ღირსეულო ქართველო ქალბატონო იმისთვის, რომ იყავი ქვეყნისთვის და ჩვენთვის
- +

25 თებერვალი. 2024. 22:59

 

 

ნეკროლოგი

 

ვიქტორია (ვიკა)

 

ს ი რ ა ძ ე

 

XX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრება ქალბატონ ვიქტორია სირაძის გარეშე ძნელი წარმოსადგენია. იგი ბრძანდებოდა ამ ურთულესი და საინტერესო ეპოქის არა მარტო მოწმე, არამედ ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და შემოქმედი.

 

ვიქტორია (ვიკა) მოსეს ასული სირაძე დაიბადა  1929 წლის 24 მაისს, თბილისში.

 

1947 წელს დაამთავრა თბილისის მე-3 ქალთა საშუალო სკოლა, ოქროს მედლით. 1952 წელს, ასევე, წარჩინებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკკულტეტი და სწავლა განაგრძო ასპირანტურაში სილიკატების ტექნოლოგის კათედრაზე.

 

სწავლის პერიოდში გამოირჩეოდა ორგანიზატორული ნიჭით და ლიდერის თვისებებით, რაც შეუმჩნეველი არ დარჩა და ანდეს კიდეც ჯერ ინსტიტუტის, შემდგომ რაიონის, დედაქალაქის კომკავშირული ორგანიზაციების მეთაურობა.

 

სრულიად ახალგაზრდა გახლდათ იგი, როცა 1955 წელს დააწინაურეს კომპარტიის თბილისის კიროვის (ახლანდელი კრწანისის რაიონი) რაიკომის პირველ მდივნად,  ხოლო 1959 წლიდან იგი ორჯონიკიძის (ახლანდელი ვაკე-საბურთალოს) რაიონის პარტიის რაიკომის პირველ მდივანია. უმოკლეს ვადაში-ორი წლის მანძილზე, დაუღალავი და ინიციატივებით გამორჩეული შედეგიანი მუშაობით, ქალბატონმა ვიქტორიამ დამსახურებულად მოიპოვა ჩინებული ავტორიტეტი უმაღლესი სასწავლებლებიითა და უმსხვილესი სამეცნიერო დაწესებულებებით დახუნძლულ რაიონში. სამეცნიერო ინტელიგენციასთან ფაქიზი და მზრუნველი დამოკიდებულება მას თან გაჰყვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე ყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე. უნდა ითქვას, რომ სულიერი ცხოვრების წარმომადგენელთა არაერთი თაობა მთელი ცხოვრების მანძილზრ ღირსეულად აფასებდა ამ ურთიერთობას.

 

1961 წელს ვიქტორია სირაძე ჯერ კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანია, ხოლო შემდგომ - საქართველოს კომპარტიის  ცენტრალური კომიტეტის მდივანი-იდეოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი. ორი წლის შემდეგ დაინიშანა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მადგილედ, ხოლო 1973 წელს, რესპუბლიკაში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ, დააბრუნეს საქართველოს კომპარტიის საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნად.

 

1978  წელს ქალბატონი ვიქტორია აირჩიეს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილედ.

 

1986 წლიდან იგი სათავეში ჩაუდგა საქართველოს პროფესიული კავშირების რესპუბლიკური საბჭოს.

 

1989-1990 წლებში, დამსახურებულ პენსიაზე ყოფნისას, იგი მიიწვიეს საქართველოს მიმისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მრჩევლის პოსტზე, პარალელურად კი იყო (1992-1995 წლებში) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბუნებრივი რესურსებისა და საწარმოო შემსწავლელი კომისის მეცნიერ-თანამშრომელი.

 

ვიქტორია სირაძე ორმოც წელზე მეტ ხანს გახლდათ დეპუტატი:  1948-1990 წლებში- თბილისი რაიონული და საქალაქო საბჭოების;

 

1955-1990  წლებში - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოსი (მეორე, მეხუთე, მეექვსე, მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე მოწვევის);

 

1962-1966 წლებში საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოსი (მეექვსე მოწვევის); 1989-1991 წლებში- სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობისა.

 

1955 - 1991 წლებში პროფკავშირების ცენტრალური საბჭოს და მისი პრეზიდიუმის წევრი.

 

1955 წლიდან მრავალგზის იყო არჩეული სხვა და სხვა სსრ კავშირის თუ ჩვენი რესპუბლიკის საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამგეობათა შემადგენლობაში, მათ შორის, სსრ კავშირის მშვიდობის მომხრეთა კომიტეტის, უცხოეთის ქვეყნებთან მეგობრობის საზოგადოებისა და ჟურნალისტთა კავშირის, საზოგადოება "ცოდნის" და სხვ.

 

მისი ბიოგრაფიის გამორჩეული შტრიხებია სსრ კავშირის დელეგაცის წევრობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 32-ე სესიაზე(1977 წ.); საბჭოთა კავშირის დელეგაციის მუდმივი წევრის სტატუსი აშშ-სსრკ-ის ყოველწლიურ დორტმუნდის კონფერენციაზე;

 

მიუხედავად დიდი დატვირთვისა, ქალბატონი ვიქტორია ცდილობდა არ ჩამორჩენოდა მის მთავარ-ინჟინრის პროფესიის განვითარებას. უცხოეთში ყოფნისას იგი სტუმრობდა სამეცნიერო დაწესებულებებს, ეცნობოდა სიახლეებს, ამყარებდა კონტაქტებს და ცდილობდა მათ დაკავშირებას ქართველ კოლეგებთან.

 

ქალბატონი ვიქტორია სპეციალობით რამდენიმე შრომის, ერთი გამოგონების(დანერგილია) და მრავალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ხასიათის პუბლიკაციის ავტორია უცხოეთის, საკავშირო და საქართველოს ჟურნალ გაზეთებში.

 

ვიქტორია სირაძე. სახელმწიფოსგან და საზოგადოებისგან ერთობ დაფასებული მოღვაწეც გახლდათ. მას არ აკლდა არც კოლეგების, არც მოქალაქეთა გულწრფელი პატივისცემა და არც სახელმწიფო ჯილდოები. ამაზე მეტყველებს შრომის წითელი დროშის 4 ორდენი, 3 მედალი და ათობით სხვადასხვა  საპატიო სიგელი. მიუხედავად ხანდაზმულობის, სიცოცხლის ბოლო დღეებამდეც კი იგი სასურველი და პატივდადებული მონაწილე და  სტუმარი გახლდათ ფრიად საპატიო შეკრება-თავყრილობებისა.

 

ალბათ, ძნელად მოიძებნება იმ პერიოდში ვინმე, არამცთუ ქალბატონი, მამამაკაციც კი, ვისაც ექნებოდა ასეთი მდიდარი, კეთილი საქმეებით დახუნძლული ბიოგრაფია ქვეყნის და საზოგადოების თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მსახურებისა.

 

იგი დიდი ხნის მანძილზე მმართველ პარტიასა და მთავრობაში კურირებდა რესპუბლიკის სულიერი და სოციალური ცხოვრების სფეროების- მეცნიერების, განათლების, კულტურის, ხელოვნების, ჯანმრთელობის, ფიზიკური კულტურისა და სპორტის, მედიის განვითარები პროცესს, ახალგაზრდობის აღზრდის, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტურული ურთიერთობის. რელიგიურ კონფესიებთან სახელმწიფოს ურთიერთობის ძირითად მიმართულებებს.

 

და თუ ამ სფეროებში იმდრონდელ წინსვლასა და წარმატებებზე ვისაუბრებთ, შეუძლებელია არ აღვნიშნოთ და ღირსეული პატივი არმივაგოთ ამ მხრივ ქალბატონი ვიქტორიას ფასდაუდებელი ღვაწლს.

 

საზოგადოებისთვი იგი ცნობილი იყო არა მარტო მაღალი კომპეტენციითა, პასუხისმგებლობით და საშური პრინციპულობით, არამედ პირად მომხიბლველობასთან ერთად სიკეთის კეთების, წამოჭრილი ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრისას გვერდში დგომის განსაკუთრებული უნარით, ადამიანებისადმი თბილი დამოკიდებულებით, მზრუნველობით. მას ჰქონდა გასაოცარი ალღო აღმოეჩინა ნიჭიერება და უნარი, განსაკუთრებით ახალგაზრდა კადრებში და მათთვის პროფესიული თუ კარიერული ზრდის გაკვალვაში.

 

მეუღლესთან- ცნობილ სახელმწიფო მოღვაწესთან სერგო რიგვავასთან ერთად შექმნილი ოჯახი სამაგალითო გახლდათ წესიერებით, ურთიერთპატივისცემით, სტუმრიანობით, ყურადღებიანობით, მეგობრული ატმოსფეროთი, უღალატობით. და მიუხედავად დიდი ოჯახური ტრაგედიისა და ტკივილისა, უდიდესი ნებისყიფის და სულიერი სიმტკიცის მაგალითი - ვიკა სირაძე სიცოცხლის ბოლო წუთებამდე არ გამტყდარა, დარჩა შეუდარებელ მეუღლედ, დედად, ბებიად, მართლაც ოჯახისა და სამეგობროს დედაბოძად, ფიზიკური და სულიერი სილამაზის და სრულყოფის ეტალონად.

 

გმადლობთ, ჩვენო უსაყვარლესო მეგობარო, კოლეგავ, ბევრი ჩვენთაგანისთვის-მასწავლებელო, გზის გამკვალავო და, უბრალოდ, ღირსეულო ქართველო ქალბატონო, იმისთვის რომ იყავი ქვეყნისთვის და ჩვენთვის.

 

როინ მეტრეველი,

 

ვიქტორ გელოვანი,

 

ნათელა ვასაძე,

 

ნათელა ლაღიძე,

 

მადონა მგელაძე,

 

ლამარა გაგუა,

 

ლია ლომიძე,

 

მანანა გოჩალეიშვილი,

 

ვალერი ასათიანი,

 

ნამი მიქოიანი,

 

ვალერი ხინთბა,

 

მინდია უგრეხელიძე,

 

მერაბ ჩანჩალაშვილი,

 

ავთანდილ ჯორბენაძე,

 

ანზორ ბურჯანაძე,

 

დავით სალარიძე,

 

გრიგოლ ონიანი,

 

ლაშა ნადარეიშვილი,

 

გიორგი მამაცაშვილი,

 

ვადიმ ანასტასიადი,

ვან ბაიბურტი,

 

ალექსანდრე მოვსესიანი,

 

აკაკი სიხარულიძე,

 

რამაზ ყურაშვილი,

 

თამაზ შილაკაძე,

 

ნიკო ლეკიშვილი,

 

ჯემალ კუხალაშვილი,

 

რამაზ ხუროძე

 

ზურაბ ხონელიძე,

 

სპარტაკ ქობულია,

 

მალხაზ ბაძაღუა,

 

ნუგზარ ფოფხაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner