ალექსანდრე დარახველიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ საგზაო წესების დარღვევის სტატისტიკა განიხილა. შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საგზაო უსაფრთხოება საზოგადოების თითოეულ წევრს აწუხებს და ამ თემაზე მეტი დისკუსია უნდა იყოს, რადგან სტატისტიკა საგანგაშოა.
კერძოდ, 2023 წელს 442 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიების შედეგად და 7 ათასამდე ადამიანმა დაზიანება მიიღო. მინისტრის მოადგილის თქმით, ამ მაჩვენებლით საქართველო პირველია ევროპის ქვეყნებს შორის. ყველაზე ხშირ დარღვევებს შორის არის სიჩქარის გადაჭარბება, შემხვედრს ზოლზე გადასვლა, არაფხიზელ მდგომარეობაში საჭესთან დაჯდომა მეშვიდე ადგილზეა, ბასლაინზე გადაადგილებისთვის კი 152 ათასზე მეტი მძღოლი დაჯარიმდა.
„ძალიან კარგია, როცა ბევრი დისკუსია იქნება ამ საკითხზე და საზოგადოება კარგად გააცნობიერებს, რომ საგზაო მოძრაობის წესების დაცვა იმიტომ კი არ ხდება, რომ ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სჭირდება, ან პატრულმა არ დაგვაჯარიმოს - ეს არის თქვენივე უსაფრთხოებისთვის, თქვენი ოჯახის წევრების უსაფრთხოებისთვის და იმისთვის, რომ ის მძიმე შედეგები და ციფრები, რომლბეიც სამწუხაროდ ძალიან სავალალოდ გამოიყურება, არ გვქონდეს“, - აღნიშნა დარახველიძემ.