„საქართველო თუ აქამდე მოვიდა და მომავალი გააჩნია, ეს არის ინტელექტუალური რესურსი, რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა მთავარ პრიორიტეტად დაასახელა. თუ ჩვენ არ გვაქვს ნავთობი და ოქრო, ჩვენი ინტელექტუალური რესურსი არის ყველაფერ ამის მამოძრავებელი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მარიამ ლაშხი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონში ცვლილებაზე რომან გოცირიძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიზანია მეცნიერებათა აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის რეორგანიზაცია. ასევე, მან რომან გოცირიძეს წარსული შეახსენა და აღნიშნა, იმისათვის რომ გაძლიერდეს და დაფასდეს მეცნიერება, სხვაგვარი საკანონმდებლო ინიციატივა არის საჭირო.
„ეს კანონი იმ იდეოლოგიის გაგრძელებაა, რაც თქვენ გქონდათ - ჩასარეცხები, ჩარეცხილები და როგორც ჩანს, მეცნიერებიც ჩასარეცხად გამზადებულებად გინდათ რომ გამოიყვანოთ. თქვენ ეს საქმე თავის დროზე ვერ მიიყვანეთ ბოლომდე, არც ახლა მიგაყვანინებთ იმიტომ, რომ ეს კანონი პირდაპირ მიმართულია იმისათვის, რომ მეცნიერება ისევ იმაზე იყოს შემოდებული, რაზეც მანამდე გქონდათ. თუ თქვენ რაიმე კითხვა ან ინტერესი გაქვთ მეცნიერების და სამეცნიერო პოტენციალის გასაძლიერებლად, იმისათვის რომ გაძლიერდეს, დაფასდეს მეცნიერება და მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობა იყოს ეფექტიანი, ამისთვის სხვანაირი საკანონმდებლო ინიციატივა უნდა დაგეყენებინათ“, - აღნიშნა ლაშხმა.
მისივე თქმით, რეგლამენტის 37-ე მუხლი პარლამენტს აძლევს იმის საშუალებას, რომ სხვა უწყებების მსგავსად მოხდეს ამ უწყების მოსმენა, სადაც საუბარი იქნება იმაზე, როგორ უნდა გაძლიერდეს მეცნიერება და როგორ მოხდეს საქართველოს პოტენციალის გამოყენება.
აქვე, მარიამ ლაშხმა აღნიშნა, რომ ამ მოსმენებს საზედამხედველო ფუნქციის მანდატის ფორმატში ოპოზიციაც უნდა ესწრებოდეს.
„რაც შეეხება ეფექტიანობაზე, არსებობდა კითხვები და საზოგადოებას რომ ჰქონდეს მეტი წარმოდგენა, მეცნიერებათა აკადემია რას და როგორ საქმიანობს, უკეთესად როგორ წარმოვაჩინოთ და გავაძლიეროთ, ამისთვის გთავაზობთ ასეთ რამეს: რეგლამენტის 37-ე მუხლით ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ანგარიშვალდებულ ორგანოებს ვუსმენთ ყოველწლიურად. „მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებს მეცნიერებათა აკადემიის წარდგენას პარლამენტში, თუმცა, იგივე 37-ე მუხლი და რეგლამენტში ჩანაწერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საქმიანობა შევისწავლოთ და ისევე, როგორც სხვა უწყებებს ვუსმენთ, გავაკეთოთ ამ უწყების მოსმენა, სადაც წარმოგვიდგენენ და ვისაუბრებთ იმაზე, როგორ უნდა გაძლიერდეს უფრო მეტად მეცნიერება და როგორ უნდა მოხდეს საქართველოს პოტენციალის გამოყენება.
ამასთან ერთად, შემოთავაზება უნდა იყოს ისიც, რომ ოპოზიცია ამ მოსმენებს საზედამხედველო ფუნქციის მანდატის ფორმატში უნდა ესწრებოდეს. წინა კომიტეტის სხდომაზე ზოგ-ზოგიერთები გვახსენებდნენ, რომ თურმე საზედამხედველო ფუნქციაც გვაქვს. დაესწროს ოპოზიციაც მსგავსი ტიპის მოსმენებს, დასვას კრიტიკული კითხვები და ჩაერთოს იმ დისკუსიაში, რასაც ძირითადად მმართველი პარტია და ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლები ესწრებიან ხოლმე“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.