„რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ ნაცებს, ნინო ლომჯარიას პირით მოუწიათ ძალიან დიდი და შეიძლება ითქვას, ისტორიული აღიარების გაკეთება იმის შესახებ, რომ „ნაცმოძრაობის“ გარდა რადიკალური ოპოზიციის ვერცერთი წარმომადგენელი პარტია საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ნინო ლომჯარიას ფეისბუქ-სტატუსის შესახებ ჟურნალისტის დასმული კითხვის საპასუხოდ, სადაც ლომჯარია პოლიტიკური პარტიების გაერთიანებაზე წერს და აღნიშნავს, რომ „თუ 5%-იან ბარიერთან შორიახლოს მყოფი ოპოზიციური პარტიები გადაწყვეტენ, რომ არჩევნებში ცალ-ცალკე იყარონ კენჭი, მაღალია რისკი იმისა, რომ ისინი პარლამენტს გარეთ დარჩნენ, ხოლო მათი ოპოზიციურად განწყობილი ხმების ჯამი, რომელმაც 20%-მდეც შეიძლება მიაღწიოს, ბარიერგადალახულ პარტიებზე გადანაწილდება“.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „სწორედ ამ შემთხვევაში, შეიძლება ძალიან ბევრი ხმა პროპორციულად გადანაწილდეს, მათ შორის, „ქართულ ოცნებაზე“, რომელიც აუცილებლად პირველ ადგილზე გავა“.
მამუკა მდინარაძის თქმით, ამით ისინი აღიარებენ, რომ დანარჩენი ყველა პარტია იმდენად ურეიტინგოა, რომ ვერცერთი მათგანი უახლოვდება ხუთ პროცენტიან ბარიერს.
„რადგან ისინი [ოპოზიცია] აღიარებენ, რომ გადაუნაწილებელი ხმები თუ მანდატები იქნება ძალიან ბევრი, ე.ი აღიარებენ, რომ დანარჩენი ყველა პარტია იმდენად ურეიტინგოა, რომ ვერცერთი მათგანი უახლოვდება ხუთ პროცენტიან ბარიერს. ამ შემთხვევაში სწორია მოცემულობა, რომ გადაუნაწილებელი მანდატი იქნება ბევრი, მხოლოდ ამაში ვეთანხმები ნინო ლომჯარიას. ისინი როგორ იმოქმედებენ, შეცვლიან გეგმას და „ნაცმოძრაობის“ ოცი პროცენტის ზემოთ, ე.წ. შუა ხმებზე, დარჩენილ ოც პროცენტზე, რა გზით იმუშავებენ, გაერთიანებით თუ კიდევ უფრო დაქსაქსვით, ეს მათი საქმეა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.