logo_geo
eng_logo
საქართველოსა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
- +

26 თებერვალი. 2024. 22:21

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მურატ ნურთლეუსთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. აღნიშნეს ორი ქვეყნის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები და ბოლო წლებში გააქტიურებული მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა.

 

 

საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობას, აღინიშნა, რომ 2023 წელს, თბილისში წარმატებით ჩატარდა პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი.

 

 

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და გაზრდილ სავაჭრო ბრუნვაზე. განხილული იყო ინვესტიციების და ტურიზმის მიმართულებით არსებული მაჩვენებლები. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობას. ამასთან მხარეებმა ისაუბრეს შუა დერეფნის მნიშვნელობაზე და ამ მხრივ სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობაზე.

 

 

მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვანი საკითხთან დაკავშირებით.

 

 

ილია დარჩიაშვილმა მურატ ნურთლეუ თბილისში მოიწვია.

 

 

 

ილია დარჩიაშვილი 26-27 თებერვალს ვიზიტით ქალაქ ჟენევაში იმყოფება. მინისტრი სიტყვით გამოვიდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner