ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით, პორტუგალიის ქალაქ პორტოში გართულ გამოფენაში „Simplesmente Vinho“ ქვევრის ღვინის მწარმოებელი 11 მარანი მონაწილეობდა. გამოფენაში ბუნებრივი ღვინის 112 მწარმოებელი მონაწილეობდა პორტუგალიიდან, ესპანეთიდან და საქართველოდან. ქართველი მეღვინეების შეფასებით, ქვევრის ღვინის მიმართ დაინტერესება დიდი იყო, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, ახალი სავაჭრო პარტნიორები მოიძიონ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსის, ნინო მჭედლიშვილის განცხადებით, ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის, მათ შორის, ქვევრის ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე პოპულარიზაციის ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს. ქვევრის ღვინის მწარმოებელი კომპანიები მსოფლიოს მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობენ, პროდუქცია წარმოდგენილია სპეციალიზებულ დეგუსტაციებზე.
გამოფენის „Simplesmente Vinho“ ფარგლებში, ღვინის პროფესიონალებისა და სავაჭრო სფეროს წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაციები და გალა-ვახშამი გაიმართა; ჩატარდა კონფერენცია „Qvevri, Dolia E Talha“, რომელიც ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიას მიეძღვნა. კონფერენციაზე საუბარი შეეხო პორტუგალიის ზოგიერთ რეგიონზეც, სადაც ღვინოს თიხის ჭურჭელში აყენებენ. მონაწილეებს ქვევრის ღვინო ქართველმა მეღვინე ზურაბ თოფურიძემ წარუდგინა. კონფერენციის დასრულების შემდეგ მოეწყო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „ჩვენს ძარღვებში ღვინო სჩქეფს“ ჩვენება. საქართველოს მეღვინეობის რვაათასწლიან ტრადიციებზე დოკუმენტური ფილმი „ჩვენს ძარღვებში ღვინო სჩქეფს“ ამერიკელმა კინორეჟისორმა ემილი რელსბეიკმა (Emily Railsback) 2017 წელს გადაიღო და მისი პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
გამოფენაზე „Simplesmente Vinho“ ქართული ღვინის წარდგენა პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზაციული მხარდაჭერით გაიმართა.
„ქართველი მწარმოებლების მონაწილეობა აღნიშნულ გამოფენაში ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის ზრდისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ღვინომ აღიარება ჰპოვა ისეთ ქვეყანაში, რომელსაც თავად აქვს ღვინის წარმოების დიდი ტრადიციები“, - აღნიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პორტუგალიის რესპუბლიკაში გიორგი მირცხულავამ.