logo_geo
eng_logo
კონკურსის „დავიცვათ ტყე ჩვენი მწვანე მომავლისთვის“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
- +

27 თებერვალი. 2024. 13:45

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა ესსეების კონკურსის „დავიცვათ ტყე ჩვენი მწვანე მომავლისთვის“  გამარჯვებულები დააჯილდოვა. კონკურსის მიზანი ტყის მდგრადი მართვის, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაა.

 

კონკურსის გამარჯვებულია ქ. თბილისის ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლე ელენე სამსიანია. მეორე ადგილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლემ ბადრი პეტრუზაშვილმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელი ბანძის საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე ძაგანია გავიდა.

 

კონკურსის ფინალისტებსა და გამარჯვებულ მოსწავლეებს წიგნის ვაუჩერები გადაეცათ.

 

კონკურსის ფარგლებში, მონაწილე მოსწავლეებს უნდა წარმოედგინათ ნამუშევრები ტყეზე ზეწოლის შემცირების გზების, ტყის მერქნული და არამერქნული რესურსების სწორად გამოყენების, ალტერნატიული საწვავისა და საზოგადოების მხრიდან ტყის დაცვის ვალდებულებების შესახებ. ესსეები შეფასდა სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით.

 

დაჯილდოების ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ესსეების კონკურსი ტყის დაცვისა და მდგრადი მართვის საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის „ECO.Georgia“-ს ფარგლებში გამოაცხადა.

 

პროექტი „ECO.Georgia“ თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ჩართულობით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner