დედაქალაქის მერი კახა კალაძე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანა მარია შიკოს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მტკიცე მეგობრულ ურთიერთობებს და ასევე, სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
თბილისის მერმა უნგრელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა უნგრეთის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული თვალსაჩინო მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.
„მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პოზიტიურ ურთიერთობებს, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ბოლო წლებში ეს ურთიერთობები განსაკუთრებით გაღრმავდა, რასაც ბევრი დადებითი მხარე აქვს. ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ჯერ კიდევ 1992 წლიდან იწყება და მეტი რესურსი, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. პირადად მეც მზად ვარ ამ პროცესში წვლილის შეტანისთვის. თბილ და მეგობრულ ურთიერთობებზე მეტყველებს საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების ვიზიტები ჩვენს ქვეყნებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
უნგრელმა დიპლომატმა მკაფიოდ დაადასტურა უნგრეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ.
ანა მარია შიკომ ქვეყნებს შორის მტკიცე თანამშრომლობის პარალელურად, დედაქალაქებს შორის, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კულტურის სფეროში, გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა.
ქართველი და უნგრელი ხალხების კიდევ უფრო დაახლოების მიზნით, ელჩმა თბილისში უნგრეთის დღეების ჩატარების სურვილი გამოთქვა. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერმა უნგრელ დიპლომატს დახმარება და სრული მხარდაჭერა აღუთქვა.