“კონკრეტული ფაქტები, თვითაღიარებები გვაქვს, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, კანონის გვერდის ავლით, ვითომ არასამთავრობოების მეშვეობით თვითდაფინანსებას აწარმოებენ. ამ სქემის გაუქმება არ უნდათ, არც საკუთარი ფინანსების გასაჯაროება და შეტევა ანტიკორუფციულ სამსახურზე მიაქვთ”, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, რითაც ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტზე ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკას უპასუხა.
მისი განმარტებით, კრიტიკის მიზეზი არის ის, რომ სურთ ამ სამსახურის ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციებმა დანიშნონ.
„ბიუროს ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი არ ირჩევს, სპეციალური კომისია გამოარჩევს და პრემიერ-მინისტრი ნიშნავს, განსხვავება ძალიან დიდია. ის, რომ თითქოს გამჭვირვალობაზე ყველაზე მეტად „მაწუხარი“ არასამთავრობოები კატეგორიული წინააღმდეგები არიან, რომ მათი საქმიანობა ან პოლიტიკური პარტიების დაფინანსება იყოს გამჭვირვალე, მანიშნებელია მათი „კეთილსინდისიერების". კონკრეტული ფაქტები, თვითაღიარებები გვაქვს, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები კანონის გვერდის ავლით ვითომ არასამთავრობოების მეშვეობით თვითდაფინანსებას აწარმოებენ. ამ სქემის გაუქმება არ უნდათ, არც საკუთარი ფინანსების გასაჯაროება და შეტევა ანტიკორუფციულ სამსახურზე მიაქვთ. ანტიკორუფციულ სამსახურს რაც შეეხება, განა კანონთან მიმართებაში აქვთ განსაკუთრებული შენიშვნა, მანდაც ერთი პრობლემაა, უნდათ არასამთავრობო ორგანიზაცია ნიშნავდეს ამ სამსახურის ხელმძღვანელს. შინაარსს რომ ჩასწვდებით ამ ბრტყელ-ბრტყელი ზოგადი ლოზუნგებისა და სიტყვებისა, აქამდე მივალთ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.