logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: მკაფიოდ ვიტყვი, რომ არცერთი ის კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, არ იქნება მიღებული ჩვენს ქვეყანაში და ტყუილად აქვთ ამის იმედი
- +

28 თებერვალი. 2024. 10:41

 

 

„ორ ქვეყანაში დანერგეს ვეტინგის სისტემა და ძალიან უარყოფითი შეფასება მიიღო საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის ვენეციის კომისიის მხრიდან, მაგრამ ჩვენ მაინც მოგვიწოდებენ, რომ ეს სისტემა გადმოვიღოთ. პრაქტიკულად გვეუბნებიან, რომ ქართული სასამართლო სისტემა უნდა დაემორჩილოს უცხოელებს, ან იმ აგენტურას, რომელიც ისევ იმ უცხოელებს ჰყავთ საქართველოში“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან ისაუბრა.

 

„ვინც ვეტინგის სისტემის საქართველოსთვის თავს მოხვევას ცდილობს, მათ ქართული სახელმწიფოს დანგრევა აქვთ მიზნად. სასამართლო სისტემის ნგრევა და მისი უცხოელებზე დამორჩილება, თავისთავად ნიშნავს ქართული სახელმწიფოს ნგრევას. ეს მიზანი აქვთ მათ, ვინც ვეტინგის სისტემის ჩვენთვის თავს მოხვევას ცდილობს, მაგრამ გამორიცხულია - ჩვენ ამას არ დავუშვებთ. როცა ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორია ჩვენთან სასამართლო სისტემა, რატომ არის საჭირო რადიკალური რეფორმის გატარება, ისინი ვერც სისტემას აკრიტიკებენ და ვერც ცუდი მართლმსაჯულების კონკრეტულ ფაქტებს ასახელებენ, ამის ნაცვლად კონკრეტული გვარების დისკრედიტაციაზე გადადიან. ასეთ უსაფუძვლო კრიტიკას კონკრეტული ფაქტები და სტატისტიკა უნდა დავუპირისპიროთ. რა არის ეს ფაქტები? მაგალითად, დაახლოებით, 12-ჯერ შემცირდა საქართველოდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა და რაც იგზავნება, მათი აბსოლუტური უმრავლესობა სახელმწიფოს გამარჯვებით სრულდება. აი ეს არის კონკრეტული სტატისტიკა. ყველა საქმე, რომელზეც ოპოზიცია და „ენჯეოები“ ამბობდნენ, რომ მას პოლიტიკური ელფერი ჰქონდა, დამთავრდა სახელმწიფოს გამარჯვებით. ბოლო 12 წლის განმავლობაში, არცერთი საქმე არ არის წასული სტრასბურგის სასამართლოში ციხეებში ადამიანის წამების, ან ღირსების შემლახავი მოპყრობის კუთხით, მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების დროს, ეს იყო მთავარი თემა, რაზეც სტრასბურგში სარჩელები იგზავნებოდა. 12 წლის განმავლობაში ქართულ მედიაში არ ყოფილა არცერთი მეტ-ნაკლებად დასაბუთებული ინფორმაცია სასამართლოში კორუფციის შესახებ. ყველა გამოკითხვაში ქართული სასამართლოს მიმართ ნდობა ან უფრო მაღალია, ვიდრე დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობაში, ან მინიმუმ იმდენი მაინც. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არცერთი კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, არ იქნება მიღებული. ჩვენი კანონმდებლობაც და პრაქტიკაც სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში არის და იქნება მაღალი დემოკრატიული სტანდარტის შესაბამისი და არა ისეთი, რის თავზე მოხვევასაც ცდილობენ ჩვენი პარტნიორები საქართველოში მათი აგენტურის მეშვეობით. ამდენად, ეს არის ადამიანის უფლებები და დასავლური სტანდარტი, რომლისკენაც მივისწრაფვით და რომელზედაც ასე ხშირად აპელირებენ „ენჯეოები“ თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორები“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner