„გაურკვეველია ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის იმ პოლიტიკური პარტიების პოზიციონირება, რომლებიც აცხადებენ, რომ არ ჩაერთვებიან პარლამენტში 9 ნაბიჯზე მუშაობის პროცესში“, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ერთი პოლიტიკური პარტიის პროცესი, ეს არის მთელი ქვეყნისთვის. ყველას, ვისაც აქვს აღქმა თუ განცდა, რომ ემსახურება ამ ქვეყანას ან გარკვეული წვლილი შეაქვს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ჩართულები იყვნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეწყობაში, და არა დაზიანებაში, რასაც ჩვენ უფრო ხშირად ვხედავთ ოპოზიციური პარტიების მხრიდან. გაურკვეველია ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის იმ პოლიტიკური პარტიების პოზიციონირება, რომლებიც აცხადებენ, რომ არ ჩაერთვებიან პარლამენტში 9 ნაბიჯზე მუშაობის პროცესში. ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი რამ, როდესაც იცი, რომ შენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ეს არის პრიორიტეტული საკითხი და ამ დროს პოლიტიკური პარტია გარკვეულწილად საბოტაჟს უცხადებს პროცესს. ჩვენთვის, როგორც მმართველი პარტიისთვის, მნიშვნელოვანია, რომ დროულად წავიწიონ წინ - მთავარი ამოცანა ჩვენთვის ასევე არის ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, ვინაიდან საბოლოო ჯამში ევროკავშირის ფარგლებში ჩვენ უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანი ქვეყანა“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.