„30 წელია, აშშ საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით უდგას მხარში - სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის, ეკონომიკის განვითარების, დემოკრატიის მხარდაჭერისა და რაც მთავარია, ტერიტორიული მთლიანობის ასპექტებში“, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც საქართველოში აშშ-ს ელჩს, რობინ დანიგანს უსმენენ.
მან კომიტეტის სახელით ამერიკელ დიპლომატს, ამერიკელ ხალხსა და აშშ-ს მთავრობას მადლობა გადაუხადა.
„2009 წელს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოვაწერეთ ხელი და 15 წელია სტრატეგიული პარტნიორები ვართ, თუმცა უკვე 30 წელია აშშ საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით უდგას მხარში - სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის, ეკონომიკის განვითარების, დემოკრატიის მხარდაჭერის და რაც მთავარია ტერიტორიული მთლიანობის ასპექტებში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ს მხარდაჭერა ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების მიმართულებით. მინდა ყველაფერ ამისთვის, კომიტეტის სახელით, აშშ-ს ელჩს, ამერიკელ ხალხს და აშშ-ს მთავრობას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა სამხარაძემ სხდომის დაწყებისას.