საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რობინ დანიგანს მოუსმინეს.
„ამერიკის შეერთებული შტატები უკვე 30 წელია საქართველოს მხარში უდგას სხვადასხვა მიმართულებით მათ შორის, სახელმწიფო ინსტიტუტის მშენებლობის, ეკონომიკის განვითარების, დემოკრატიის მხარდაჭერის და რაც მთავარია, ტერიტორიული მთლიანობის ასპექტებში და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ჩვენთვის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის არაღიარების მიმართულებით. კომიტეტის სახელით მინდა ყოველივე ამისთვის ელჩს, ამერიკის მთავრობას და ამერიკელს ხალხს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.
ელჩმა სხდომაზე საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი ასპექტებისა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს არც ერთი ქვეყანა ისე მყარად არ უჭერს მხარს, როგორც შეერთებული შტატები.
„ეს პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელია. შევხვედრილვარ ძალიან ბევრ ქართველს, ვისი ცხოვრებაც შეიცვალა აშშ-საქართველოს პარტნიორობით – ოფიცერი, მესაზღვრე, სამხედრო, პროფესორი, სტუდენტი, ფერმერები, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები. აშშ-მა ხელი შეუწყო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. საქართველო აღვჭურვეთ ნატო-სთან თავსებადი აღჭურვილობებით. რომ გადავხედოთ ამ 32 წელს აშშ არის, თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი ყველაზე მყარი მხარდამჭერი საქართველოსი“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, მას შეხვედრა ჰქონდა ახალ პრემიერ-მინისტრთან, სადაც სტრატეგიული ურთიერთობების, მათ შორის, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, ორმხრივი სავაჭრო ინვესტიციების, შუა დერეფნის, სამხედრო თავდაცვითი ურთიერთობების გამყარების, ჩვენი კულტურული ურთიერთობის მხარდაჭერის მზაობა კიდევ ერთხელ გამოხატა.
ელჩმა ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს მხარს უჭერს გარდამავალ ეტაპზე, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.
რობინ დანიგანის თქმით, საქართველოში მისი ელჩად დანიშვნის შემდგომ იგი ბრიუსელში ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად გაემგზავრა.
დიპლომატმა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა. მისი თქმით, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ხმები სამართლიანად არის დათვლილი, საარჩევნო პროცესი კი თავისუფალი და სამართლიანი.
ელჩმა თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტად აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების გაზრდა დაასახელა.
მან ასევე ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ კულტურული მემკვიდრეობს დაცვის კუთხით გაწეულ დახმარებაზე.
ელჩმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიერ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.
რობინ დანიგანმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სამხედრო პარტნიორობა ნამდვილად არის საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველი.