„როდესაც დეზინფორმაცია შიდა აქტორებიდან მოდის, ეს კიდევ უფრო მძიმე და დამღუპველია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება გავამახვილოთ ნებისმიერი ტიპის დეზინფორმაციაზე, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას არჩევნების კარგად ჩატარებას“, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„ზოგადად, დეზინფორმაციის გავლენა სამწუხაროდ დიდია. ეს მთელს მსოფლიოში ახალი ტენდენციაა. ჩვენ ამ დეზინფორმაციის მსხვერპლი ვიყავით ჯერ კიდევ 2020 წლის არჩევნებზე, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ მაშინ რუსული დეზინფორმაცია იყო. რა თქმა უნდა რუსული დეზინფორმაციაც არის და იქნება მომავალშიც, მაგრამ რუსულ დეზინფორმაციასთან ერთად უნდა ვებრძოლოთ ჩვენ ადგილობრივ დეზინფორმაციას, რომლის მიმართ უფრო მოწყვლადია საზოგადოება. როდესაც დეზინფორმაცია შიდა აქტორებიდან მოდის, ეს კიდევ უფრო მძიმე და დამღუპველია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება გავამახვილოთ ნებისმიერი ტიპის დეზინფორმაციაზე, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას არჩევნების კარგად ჩატარებას. ჩვენ ვიცით ვინ შეიძლება იყოს არჩევნების კარგად ჩატარების წინააღმდეგი. ჩვენს როგორც ობიექტურ ისე სუბიექტურ ინტერესშია, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად, ყველა პროცესი ჩატარდეს კანონის შესაბამისად და ეუთოს სტანდარტების დაცვით. ჩვენ ვართ ხელისუფლება და ჩვენ ვართ პასუხისმგებლები არჩევნების კარგად ჩატარებაზე. სუბიექტურად კი დაინტერესებული ვართ იმიტომ, რომ ჩვენ ვიგებთ არჩევნებს დიდი სხვაობით, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მომავალ პარლამენტში გვეყოლება სავარაუდოდ მეტი დეპუტატი ვიდრე ამ პარლამენტში. აშშ-ის ელჩმაც გაუსვა ხაზი, რომ საელჩო ცესკოსთან ახლო და მჭიდრო კონტაქტშია. მათ ასევე განაცხადეს, რომ მხარს დაუჭერენ და ითანამშრომლებენ იმ ხელისუფლებასთან, რომელსაც ქართველი ხალხი აირჩევს“, - განაცხადა სამხარაძემ.