logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: ბურჭულაძისა და გვარამიას საუბრის გამოქვეყნება „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებშია
- +

15 სექტემბერი. 2016. 12:03


 

დღეს გავრცელდა ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის საუბრის აუდიოჩანაწერი. ამ საკითხთან დაკავშირებით, „რეპორტიორი" ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა. საყვარელიძის თქმით, აუდიოჩანაწერის გავრცელება „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებში იყო. აქვე, ექსპერტი ამბობს, რომ სასურველია ნიკა გვარამიამ დატოვოს „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელის თანამდებობა და პარტიულ სტრუქტურებში დაიკავოს ადგილი.


- გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის საუბარია აღბეჭდილი. რას ფიქრობთ აღნიშნულთან დაკავშირებით?


- ამ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ბევრნაირი ფიქრი აღგეძრება ადამიანს. პირველ რიგში, ჩნდება კითხვა, ვის წისქვილზე ასხამს ეს აუდიოჩანაწერი წყალს? ვის ინტერესშია ამ ჩანაწერის ჯერ დაფიქსირება და შემდეგ გამოქვეყნება. ხელისუფლების ინტერესში ჩანაწერის გამოქვეყნება, სადაც ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს საყვედურობს, ივანიშვილისკენ რატომ იხრებიო, მე მგონი, არ უნდა იყოს, რადგან თუკი საზოგადოებამ დაიჯერა, რომ ბურჭულაძე ივანიშვილისკენაა გადახრილი, მაშინ ბურჭულაძის ბლოკი არჩევნებში „ქართული ოცნების" ხმებს წაიღებს. ხოლო, თუ საზოგადოებამ დაიჯერა, რომ „ნაციონალური მოძრაობისკენაა" ბურჭულაძე, მაშინ ის გაუყოფს ხმებს „ნაციონალურ მოძრაობას". აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესშია ამ დიალოგის გამოქვეყნება, რათა საზოგადოების ნაწილში გააჩინოს ეჭვი, რომ ბურჭულაძე „ოცნებისკენ" არის გადახრილი და ნაკლები ხმა წაიღოს „ნაციონალების" მომხრეებისგან.


- პაატა ბურჭულაძის საუბრიდან გამომდინარე, ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ რაიმე ვალდებულება აქვს მას ნიკა გვარამიასთან?


- შეიძლება ვიფიქროთ, რომ ბურჭულაძეს რაიმე სახის ვალდებულებები აქვს ან ნიკა გვარამიასთან, ან „ნაციონალურ მოძრაობასთან". მობოდიშების ტონით ელაპარაკება ბურჭულაძე და ეს აჩენს კიდევ ერთ კითხვას, - რა დგას „ნაციონალური მოძრაობისა" და ბურჭულაძის ურთიერთობის უკან?


მეორე საკითხი არის ის, რომ ბურჭულაძე არის პარტიის ლიდერი. ანალოგიური საუბარი „ნაციონალების" ინტერესებიდან გამომდინარე, მასთან უნდა ჰქონოდა „ნაციონალების" ლიდერს, მაგალითად, დავით ბაქრაძეს. ამ შემთხვევაში, იმ ტონში, რომელშიც ბაქრაძეც ვერ დაელაპარაკებოდა ბურჭულაძეს, ამ ტონში ელაპარაკება გვარამია ბურჭულაძეს. ეს სავარაუდოს ხდის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" რეალური მმართველები სხვები არიან და ვინც ზედაპირზე ჩანს, როგორც ამ პარტიის მმართველები, მათ მართვასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ისინი არ განასახიერებენ „ნაციონალურ მოძრაობას" და მის ინტერესებს.


- აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ პაატა ბურჭულაძემ არ იცის, რა ხდება მის გუნდში და ინფორმაციას რეალურად სხვებისგან იგებს, ამ შემთხვევაში ნიკა გვარამიასგან. ამ ყველაფრის შემდეგ, შეიძლება თუ არა, ის მოიაზრებოდეს გაერთიანებული ბლოკის რეალურ ლიდერად?


- ბურჭულაძემ არათუ ის არ იცის მის ბლოკში რა ხდება, ზოგადად საქმის კურსში არ არის, ქართულ პოლიტიკაში რა ხდება. არ არის გამორიცხული, თუ „ნაციონალების" სცენარი იყო, რომ ბურჭულაძის იმიჯში ჩაქსოვილიყო, თითქოს ის ივანიშვილისკენ მიიწევს, ისინი ამ სცენარის შემსრულებლებსაც იპოვიდნენ, და ჩანაწერში ფიგურირებს კიდეც რაღაც გვარები, და იპოვიდნენ ადამიანს, რომელიც გააჟღერებდა იმ ფრაზას, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის" საჭირო იქნებოდა. ამ ტიპის გათამაშების პირობებში, რა თქმა უნდა, ბურჭულაძეს არ ეცოდინებოდა, რას უპირებდნენ და ვერ იქნებოდა საქმის კურსში, ვინ რა თქვა. მე მგონი, გვარამიას ნათქვამი ბურჭულაძისთვის მოულოდნელობა იყო, არა მარტო იმიტომ, რომ არ იცის, ბლოკის შიგნით რა ხდება, და დიდი ეჭვი მაქვს, არაფერი არ ხდება, არამედ იმიტომ, რომ შეიძლება, მას არ აქვს ინფორმაცია „ნაციონალების" განზრახვებზე. ასე რომ, შეიძლება ეს იყო ბურჭულაძისთვის ხაფანგი და ამიტომ არ იყო საქმის კურსში. ამიტომ დაბრალება, რომ არ იცის, რა ხდება თავის გუნდში, არასწორია.


- ნიკა გვარამია, როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის დირექტორი, პოლიტიკურ ფიგურასა და გაერთიანებული ბლოკის ლიდერს პაატა ბურჭულაძეს აშანტაჟებს და დირექტივებს აძლევს. რამდენად სწორია ეს პოზიცია გვარამიას მხრიდან?


- მივესალმები ჟურნალისტების მხრიდან ამ შენიშვნას, სასურველია, რა თქმა უნდა, ჟურნალისტების მხრიდან იყოს დამოუკიდებლობის სულისკვეთება.


ეს, რა თქმა უნდა, ლაპარაკობს მკვეთრი პოლიტიკური ინტერესების მქონე ადამიანზე, რომელიც, უფრო უპრიანი იქნებოდა, გადამდგარიყო „რუსთავი-2"-ის ხელმძღვანელობიდან, და პარტიულ სტრუქტურაში დაეკავებინა ადგილი და განეცხადებინა ეს, როგორც გადადგომის მოტივი. ეს იქნებოდა ნორმალური მდგომარეობა. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი რომ გახდა ბიძინა ივანიშვილი, „მეცხრე არხი" დახურა, იმიტომ, რომ პოლიტიკურ ფიგურას არ უნდა ჰქონდეს საკუთარი ტელევიზია. იმ სულისკვეთებას, რომ პოლიტიკაში შემოსვლა მედიიდან გასვლას უნდა ნიშნავდეს, მივესალმები და, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში დარღვეულია ეს პრინციპი. „რუსთავი-2" თუ ნიკა გვარამიას ხელმძღვანელობის ქვეშ იმუშავებს, ის უნდა განვიხილოთ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის" სატელევიზო ფილიალი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner