ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ფარგლებში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მთა ხელისუფლების პრიორიტეტია.
„შქმერთან გამავალ გზაზე მე არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ მამისონის უღელტეხილთან უკვე დაწყებულია გზის პროექტირება და გაისად დაიწყება მშენებლობა, ეს პროექტი სწრაფად დასრულდება რუსეთის საზღვრამდე. პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე გააკეთა მინიშნება, რომ მომდევნო ოთხ წელში ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა დასრულდეს. ძირითადი აქცენტი მაგისტრალებზე ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ ძალიან ბევრი თანხები დაიხარჯება შიდა გზებზეც და იმ გზაზეც, რაც თქვენ ახსენეთ. გავარკვევ ამ გზის პროექტირება დაწყებულია თუ არა, ინფრასტრუქტურა პირველ რიგში მთაში უნდა აშენდეს, რომ მთას დაუბრუნდეს ხალხი. ჩვენი მთა უფრო უნიკალურია, ვიდრე ზღვა. ზღვას უჭირს კონკურენცია თურქეთთან, თუმცა ზღვაც მიიღებს იმდენ ტურისტრს, რაც შეიძლება საქართველომ დაიტიოს, მაგრამ გაცილებით მეტი პოტენციალია მთაში. რაჭა ულამაზესი კუთხეა. ვიღვაწებ, როგორც მოქალაქე, რომ ხელისუფლებამ სწრაფად მოაგვაროს გზების, გაზის, ელექტროფიცირების პრობლემა, რომელიც რამდენიმე სოფელშია დარჩენილი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.