ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ჟურნალისტის კითხვას გვარამიასთან დაკავშირებით, რომელმაც განაცხადა, რომ, თითქოს ივანიშვილმა ქვეყნისა და „რუსთავი-2" ის დატოვებისთვის 5 მილიონი შესთავაზა, პასუხობს, რომ გვარამია საზოგადოებისთვის არის წამალი, რათა მისი ასეთი განცხადებებიდან კარგად გამოჩნდეს, როგორი იყო წინა ხელისუფლება და ვინ იყო ის ხალხი. აქვე, ივანიშვილი საუბრობს სტატისტიკაზე, სადაც ჩანს ციხეებში სიკვდილიანობისა და ტუბერკულოზით დაავადებათა მონაცემები და ამბობს, რომ დღეს სიტუაცია აბსოლუტურად შეცვლილია.
„გვარამიას სისულელეებზე სერიოზულ რეაქციას ვეღარ გავაკეთებ. ის, რომ რაღაცებს ამბობს გვარამია და მე უნდა ვუპასუხო, სასაცილოა, მეტი არაფერი. გვარამია ეგეთია საინტერესო, როგორიც არის. საზოგადოებისთვის, სხვათაშორის, ასეთი „რუსთავი-2" და ასეთი გვარამია, მე თუ მკითხავთ, არის წამალი, საზოგადოების განვითარებისთვის, რომ კარგად დავინახოთ ის მკვეთრი ფერები და კარგად დავინახოთ, ვინ იყო ეს ხალხი, რას აკეთებდნენ, ახლა შეხედეთ, რა დღეში არიან. ახლა შეხედეთ, როგორი დემოკრატია, როგორი თავისუფალი მედიაა „რუსთავი 2". დაპყრობილი მედიაა თავიდან ბოლომდე, ამ კაცს, მთავარი პროკურორის მოადგილეს უჭირავს, მთელ „ნაციონალურ მოძრაობას". ეს არის თავისუფალი მედია? ეს არის თავისუფალი მედიის ხელმძღვანელი? მაგრამ, კარგია, რომ არის, იმისათვის, რომ ჩვენ სწრაფად გავიზარდოთ და სწრაფად გამოვნახოთ სწორი გზა, საით წავიდეთ, ვის უნდა მივცეთ ხმა და ვის უნდა დავუჭიროთ მხარი.
დარწმუნებული ვარ, ამომრჩეველი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. არავითარი მცდელობა ხელისუფლების მხრიდან, ისევე, როგორც მოსმენებზე აქვთ ეჭვი, ისევე გაყალბებაზე, ყველაზე მეტად ხელეწიფება ხელისუფლებას, მაგრამ დღეს ვერავინ საუბრობს ამაზე. არავის ეჭვიც კი არ აქვს, რომ ხელისუფლება შეეცდება, არჩევნები გააყალბოს, მათ კი ამის უნარი არ აქვთ. შესაბამისად, ხალხი გააკეთებს სწორ არჩევანს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, ყველანი მოდით, დააფიქსირეთ საკუთარი აზრი და ხმა მიეცით თქვენს ნათელ მომავალს. ეს არ იქნება რეფერენდუმი, ეს იქნება არჩევნები, ჩვეულებრივი, ევროპული ტიპის არჩევნები და საზოგადოება გადაწყვეტს, ვის უნდა მისცეს ხმა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.