ავტორი ანა ნონიკაშვილი
„სასაცილოა, როდესაც ოპოზიციური ტელევიზიის ხელმძღვანელი ელაპარაკება ასეთი ფორმით ადამიანს, რომელსაც ამბიცია აქვს ქვეყნის მართვის. ასევე სატირალია, რომ ეს ყველაფერი ხდება ჩვენს ქვეყანაში და ეს არის ჩვენი რეალობა",- ამ სიტყვებით აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგლა ჟვანია „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის საუბრის აუდიოჩანაწერს, რომელიც გუშინ გავრცელდა. როგორც ჟვანია აღნიშნავს, აღნიშნული ფაქტი არის გამოსაძიებელი და პროკურატურამ დაუყოვნებლივ გამოძიება უნდა დაიწყოს.
„პაატა ბურჭულაძე როდესაც გამოჩნდა პოლიტიკაში, იყო საზოგადოებაში მოლოდინები, რომ ის იქნებოდა ალტერნატიული ძალა, რომელიც სიახლეს შესთავაზებდა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს იმედები არ მართლდება. ამ პოლიტიკური ორგანიზაციის რეპუტაციას, ეს ფაქტი ნამდვილად არ წარადგება.
თავისთავად მსგავსი ჩანაწერების არსებობა არასასიამოვნოა. მე არ ვთვლი, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხდება მოსმენები ან თვალთვალი. უამრავი ტექნოლოგიური საშუალება არსებობს, რომელსაც არა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურები ფლობენ, არამედ სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც. ეს ფაქტი არის გამოსაძიებელი და პროკურატურა ვალდებულია, გამოიძიოს, როგორ გაჩნდა აღნიშნული ჩანაწერი. თუ გვსურს, ავაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო, მაშინ მისი გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია",- განაცხადა ჟვანიამ.