ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" მომდევნო ოთხ წელიწადზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს წლები ძალიან საინტერესო იქნება განვითარების კუთხით.
„შემდგომი 4 წელიწადი იქნება ძალიან საინტერესო. ეს 4 წელიწადი, რაც გავიარეთ, თუ შიგნით ვერ ვხედავთ, რა გარდაქმნები მოხდა, წავიკითხე სტატისტიკა და გავიხსენოთ 300 ათასი პირობითი სასჯელით მისჯილი ხალხი. თითქმის არ არსებობდა ოჯახი, რომ თუ ოჯახის წევრი არა, ახლო ნათესავი მაინც ციხეში არ ყოფილიყო. თუ გავიხსენებთ, რომ მედია იყო მთლიანად მონოპოლიზირებული, აი, როგორც დღეს „რუსთავი 2" იმართება ჯგუფისგან, ასე იმართებოდა მთელი მედია. რეალურად, თავისუფალი მედია არ არსებობდა. არ არსებობდა თავისუფალი ბიზნესი, ყველა ბიზნესი იმართებოდა მთავარი პროკურორისგან, ადეიშვილისგან და მისი მოადგილე გახლდათ გვარამია, დღეს ყველაზე დიდი დემოკრატი, ეს არის ცინიზმის გამოვლინების უმაღლესი საფეხური. ისეთი გარდაქმნები მოხდა, რომ ასეთი ტემპით, საერთაშორისო შეფასებებს თუ ვნახავთ, დღეს ადამიანის უფლებები არის პრინციპულად შეცვლილი. გაუფორმებელი დიქტატურიდან დემოკრატიული ინსტიტუტების სწრაფ აღმშენებლობაში ვართ დღეს ჩართული. მოხდა კოლოსალური ძვრა, პრინციპულად შევაბრუნეთ ყველაფერი. ამის არდანახვა წარმოუდგენელია ჩემთვის, მართლა ბრმა უნდა იყო, რომ ეს ვერ დაინახო. სად ვიყავით, რა უფლებები ჰქონდა მოქალაქეს და სად ვართ დღეს.
შემდგომი ოთხი წელიწადი ამ მხრივ იქნება ძალიან საინტერესო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებს. კიდევ ერთხელ შევახსენებ საქართველოს მოსახლეობას, არ მიანდოთ თქვენი ბედი, თქვენი შვილების ბედი ვიღაცას. ის ვიღაცა თქვენზე კარგად ვერ გააკეთებს. აუცილებლად მიდით არჩევნებზე და გააკეთეთ არჩევანი იმ პარტიებს შორის, რომელიც თქვენ გინდათ. თუ შევინარჩუნეთ ის, რაც გუნდმა მოიტანა დღემდე და ამას გავაღრმავებთ და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას გავაღრმავებთ და გავაძლიერებთ, ოთხ წელიწადში შეიძლება ვერ მოხდეს ხარისხობრივი გარდატეხა, მაგრამ ეს განვითარება შემდეგ ოთხ წელიწადს მოგვიტანს იმას, რომ ჩვენ სხვა ტიპის სახელმწიფო გავხდებით. ინსტიტუტებს ექნება სხვა სიმყარე, აღარ იქნება პიროვნებებზე ასე დამოკიდებული, როგორც დღესაც არის. ძალიან მოწყვლადია ჩვენი დემოკრატია, იმიტომაც ბობოქრობენ და იმიტომაც მძვინვარებენ, რომ ფიქრობენ, შეუძლიათ, ააყირაონ სიტუაცია. შემდგომი ოთხი წელიწადი ამის გამყარებისთვის არის აუცილებელი და საზოგადოებას დიდი აქტიურობა მართებს, უნდა მოხვიდეთ არჩევნებზე და სწორი არჩევანი გააკეთოთ. შემდგომ ოთხ წელიწადში, ჩემი აზრით, ანუ 8 წლის შემდგომ, მე ვფიქრობ, რომ საქართველოში მოხდება ხარისხობრივი ცვლილება და ჩვენ უკვე დავემსგავსებით ევროპას და ამას, პირველ რიგში, ეკონომიკის განვითარება შეუწყობს ხელს და მერე დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.