ჰაიკე ფაიჩი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალი ელჩია.
12 სექტემბერს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალმა ელჩმა საქართველოში, ქვეყნის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს რწმუნებათა სიგელი გადასცა. გაიმართა შეხვედრა, რომლის დროსაც პრეზიდენტმა და ელჩმა ისაუბრეს გერმანულ-ქართული ურთიერთობების დინამიურ განვითარებაზე, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე, რეგიონალურ უსაფრთხოებასა და ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებზე.
2004-დან 2007 წლამდე იგი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი იყო სომხეთში. საქართველოში ჩამოსვლამდე იგი ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა რუსეთში, ჯერ ეკონომიკისა და მეცნიერების დეპარტამენტის უფროსად გერმანიის საელჩოში მოსკოვში და შემდეგ გენერალურ კონსულად სანქტ-პეტერბურგში. მანამდე, იგი ასევე მუშაობდა გერმანიის საელჩოებში ბურუნდისა და ისრაელში.
1991 წელს, ქალბატონ ფაიჩს მიენიჭა ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის წოდება. იგი გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროში მუშაობდა რეფერენტად ევროპის საქმეთა დეპარტამენტში და ასევე გაერო-სა და გლობალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ.
საელჩოში აცხადებენ, რომ ელჩი საქართველოში მის მოღვაწეობას მიუძღვნის გერმანულ-ქართული ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას, რომელიც უფრო გამყარდება 2017 წელს გერმანია-საქართველოს წლის აღნიშვნითა და 2018 წელს, როდესაც ფრანკფურტის წიგნების გამოფენაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგება.