logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალებზე“: ერთადერთი, რაზეც აქცენტს აკეთებენ, ეს არის ძალადობა
- +

15 სექტემბერი. 2016. 14:09




საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა რაჭაში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებზე ისაუბრა. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას" რეიტინგი აღარ აქვს და მათი ერთადერთი შანსი არეულობის მოწყობაა. თუმცა, ყოფილი პრემიერის თქმით,  ხელისუფლება ამის საშუალებას არ მისცემს.

 

 

„ნაციონალურ მოძრაობას" დესტაბილიზაციის მცდელობა ჰქონდა პირველივე დღიდან. სანამ 2012 წლის არჩევნები იქნებოდა, რობერტ სტურუა იყო ამოსული ჩემთან სამჯერ თუ ოთხჯერ. ყოველთვის მეუბნებოდა, - ბიძინა, იცოდე, ესენი უსისხლოდ არ წავლენ. ბოლოს ამოვიდა გაოცებული, რა გააკეთე, რომ უსისხლოდ წავიდნენო.

 

რა თქმა უნდა, ეს მათი ხელწერაა. ეს მაშინაც საოცრება იყო, რომ ვაიძულეთ, უსისხლოდ წასულიყვნენ. მერე რომ გამოვიდა და დემოკრატობას იბრალებდა სააკაშვილი, ნახეთ, როგორ გადავაბარე ხელისუფლებაო. რისი გადამბარებელი იყო. სხვა საშუალება არ დავუტოვეთ და იძულებული გახდა.

 

მე მაშინ ვიცოდი, რომ მისმენდნენ. ტელეფონში სპეციალურად ვსაუბრობდი, - როგორი ბრიყვები არიან „ნაციონალები", დიდი აქციები რომ გაეკეთებინათ, ჩვენ ვერ მოვუგებდით-თქო. „ჭამა" ეს სააკაშვილმა და დაიწყეს თბილისში დიდი აქციის მომზადება. 80 000 კაცი აგროვეს და ვერაფრით სტადიონი ვერ გაავსეს. 11:00 საათზე დანიშნული აქცია გადადეს 5-ჯერ. ადრე მიყვანილი ხალხი, რომელიც ავტობუსებით მიიყვანეს რეგიონებიდან, რომ სტადიონი შევსებული გამოჩენილიყო, დაიღალა და წასვლა დაიწყეს. მოკლედ, ვერ გაავსეს სტადიონი. ამ დროს, რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენც გვქონდა აქცია თბილისში. ამდენი ხალხი თბილისში ერთად არავის უნახავს შეკრებილი. ვფიქრობ, 700 000 კაცი იყო.

 

2012 წელს რომ გავიმარჯვეთ, მათ 6 თვეშივე უნდოდათ გადატრიალების მოწყობა. ახლა დარჩა ბოლო შემოდგომა. კუთხეში არიან მიმწყვდეულები. კარგად იციან, რომ არჩევნების გზით, ლეგიტიმურად არავითარი შანსი მათ არ აქვთ ხელისუფლების აღების. უკეთესი შედეგის შემთხვევაში, პარლამენტში 10 კაცს შეიყვანენ. შესაბამისად, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. მათი უარესი შედეგი შეიძლება ისიც იყოს, რომ საერთოდ პარლამენტში ვერ შევიდნენ. ერთადერთი, რაზეც აქცენტს აკეთებენ, ეს არის ძალადობა. ის კაცი უკრაინიდან გამოდის და დაუფარავად რაღაცებს გვმოძღვრავს. თავისუფალი ტელევიზიის, „რუსთავი 2"-ის დირექტორიც, ნახეთ, რა დღეშია, როგორ დაუფარავ განცხადებებს აკეთებს. ცდუნება აქვთ ძალიან დიდი, მაგრამ რესურსი არ გააჩნიათ და ვერაფერს იზამენ. იქნება პროვოკაციები, ალბათ. მაგრამ, ვფიქრობ, იქნება პატარა პროვოკაციები, რადგან მათ მეტი რესურსი არ გააჩნიათ. თუმცა,  მთავრობამ, შსს-მ მაქსიმალური მობილიზაცია უნდა მოახდინოს, რომ ეს პროვოკაციებიც თავიდან ავიცილოთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner