ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" უსუფაშვილის მისამართით განცხადებას აკეთებს და მოუწოდებს მას, ნუ დაემსგავსება თვითონ და მისი პარტია ალექსანდრე ელისაშვილს, რომელიც ამბობს, თითქოს ივანიშვილი სახელმწიფო სტრუქტურებს ააქტიურებს, რომ როგორმე გაანადგუროს ელისაშვილი.
„უსუფაშვილი არ დაემსგავსოს ალექსანდრე ელისაშვილს. მე წავიკითხე ელისაშვილის განცხადება, რომ ივანიშვილი თურმე მთელ სახელმწიფო სტრუქტურებს ააქტიურებს, რომ როგორმე გავანადგურო ელისაშვილი. ეს სასაცილოდ არ ეყოფა არავის, მაგრამ ელისაშვილმა საკუთარი თავი თვითონ გაინადგურა პიროვნულად ამდენი სიცრუით. ახლა ყურადღების გარეშე რომ დარჩა, შემოაგდო ახალი ინტრიგა და არ ასახელებს, ვინ უთხრა და რა უთხრა. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ამ მიმართულებით განვითარდებიან რესპუბლიკური პარტიის ლიდერებიც. რაღაც საოცარი თანხვედრა მოხდა, რომ თურმე უსუფაშვილმა მოძებნა კვირიკაშვილიც, პრემიერობაზეც უარი თქვა, სულ სიცრუეებს საუბრობს. ნუ გაუტოლდებიან ელისაშვილს, რომელიც არ იყო ცუდი ჟურნალისტი, მაგრამ სამწუხაროდ, ამდენი სიცრუით და ყალბი პათოსით საკუთარი თავი გაინადგურა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.