საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ფარგლებში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ციხეებში არსებულ ვითარებაზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ სიკვდილიანობა და ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართა რაოდებობა ციხეებში რადიკალურად შემცირებულია:
„2010 წელს ციხეებში 144 პატიმარი გარდაიცვალა, 2011 წელს 140, 2012 წელს, გარდამავალ პერიოდში 57 პატიმარი, 2016 წელს კი12 პატიმარი გარდაიცვალა. რადიკალურად შემცირებულია ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართა რაოდენობაც. 2009 წელს -618, 2010 წელს - 895, 2011 წელს 800, 2012 წელს - 457, 2016 წლის პირველი ნახევარი კი ტუბერკულოზის 15 შემთხვევა დაფიქსირდა. ტუბერკულოზს ხელოვნურად რომ „უჩალიჩებდნენ", ეს გოგა ხაინდრავას ფილმშიც მშვენივრად ჩანს. ციხეში შესვლას სიკვდილად უფორმებდნენ ხალხს, ამით აშინებდნენ საზოგადოებას. სააკაშვილის მეუღლეს რომ წამოსცდა, მიშა ის კაცია, ვისიც საზოგადოებას უნდა ეშინოდესო, აი, ამ შიშზე და სიკვდილზე ჰქონდათ დაფუძნებული თავისი დემოკრატია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.