ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია იმ უბნის ინტერესების დაცვა, რომელთანაც მთელი ახალგაზრდობა აკავშირებს. კობიაშვილი აღნიშნავს, რომ მისი პარლამენტის წევრობა მის საფეხბურთო საქმიანობას არ დააზარალებს.
„დაუფიქრებლად არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება. ყველა ჩემი გადაწყვეტილება დიდი ხნის ფიქრისა და მსჯელობის შედეგია და განსაკუთრებით, ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც საქართველოს პარლამენტში იმ უბნის ინტერესების დაცვა, რომელთანაც მთელი ახალგაზრდობა გაკავშირებს. ჯერ მე უნდა მქონოდა პასუხები კითხვებზე: თუ ვარ მზად, როგორ იმოქმედებს ეს არჩევნები ჩემს ცხოვრებაზე, ხელს ხომ არ შეუშლის ამჟამინდელ საქმიანობას და ა.შ. მჯერა, რომ არ შევმცდარვარ.
პასუხისმგებლობის გრძნობა უცხო არ არის ჩემთვის. მე მუდამ ჩემს ქვეყანას ვემსახურებოდი და ასე იქნება პარლამენტში არჩევის შემთხვევაშიც. დეპუტატს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია მათთან, ვინც ენდო, ვისი წარმომადგენელიც არის საკანონმდებლო ორგანოში. მერწმუნეთ, დეპუტატობა არც შემცვლის, არც ხელს შემიშლის საყვარელი საქმის კეთებაში, პარლამენტის წევრობა ჩემს საფეხბურთო საქმიანობას არ დააზარალებს! ამის მთავარი შეფასება იქნება პროექტები, რომლებსაც მე და ჩემი გუნდი ერთად ვახორციელებთ", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.