საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 16-18 სექტემბერს წყალტუბოში ხელოვნების ფესტივალი ჩატარდება.
სამ დღის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა ადგილზე მოეწყობა გამოფენები, ჩატარდება კონცერტები, შვეიცარიული და ადგილობრივი ფოლკლორული და კლასიკური ანსამბლების მონაწილეობით, მოეწყობა სხვადასხვა საცეკვაო წარმოდგენა, ლიტერატურული კითხვა, კინოჩვენებები და სხვა.
წყალტუბოს ხელოვნების ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილია ვორქშოფების სერია, რომელიც ფესტივალამდე 2 კვირით ადრე იწყება. ამ პერიოდის განმავლობაში უცხოელი და ქართველი ხელოვანები ადგილობრივ მცხოვრებლებს უზიარებენ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას. 16, 17 და 18 სექტემბერს ვორქშოფების შედეგების პრეზენტაცია იგეგმება.
ხელოვნების ფესტივალი 2013 წლიდან ტარდება და სხვადასხვა ინტერდისციპლინარულ ღონისძიებებს მასპინძლობს. ფესტივალი შვეიცარიული ფონდის, „არტასფოუნდატიონისა" და წყალტუბოს „დევნილ ქალთა კავშირის" თანამშრომლობით დაარსდა.