logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: საერთოდ ვერ ვხედავ შანსებს, რომ კოალიციიდან გასულმა რომელიმე პარტიამ მიიღოს 5 პროცენტი
- +

15 სექტემბერი. 2016. 18:35



„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა  პეტრე მამრაძემ „რეპორტიორთან" ინტერვიუში წინასაარჩევნო გარემოსთან, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა.



- როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო გარემოს?


- წინასაარჩევნო გარემომ გამოააშკარავა, რომ პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბებაც კი არ დაწყებულა. ფორმალურად რეგისტრირებულია 240-მდე პარტია, რეალურად კი არცერთი არ არსებობს. ვხედავთ პატარ-პატარა პოლიტიკურ დაჯგუფებებს, შეკრებილს მეტ-ნაკლებად ცნობადი სახეების გარშემო და მხოლოდ პარლამენტში შეღწევას ცდილობენ. არავითარი განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმები მათ არ აქვთ. მემარცხენე და მემარჯვენე პარტიები არიან შეერთებულები და ქმნიან ბლოკებს, რაც პოლიტიკური ანეკდოტების სერიაა. საარჩევნო გარემო არის „არაჩვეულებრივი გამოფენა".


- თქვენი აზრით, როგორ არის საპარლამენტო არჩევნების მიმართ ამომრჩეველი განწყობილი?

 

- ამომრჩეველი ძალიან პასიურია. აღარ სჯერათ ამ განუწყვეტელი დაპირებების. რაც კი მესმის გარშემო განწყობა ასეთია, „ესენი თავის თავზე ფიქრობენ", „პარლამენტში მოსვლა უნდათ გასამდიდრებლად", „ხალხზე არავინ ფიქრობს" - ასეთი ფრაზები მესმის.


- პაატა ბურჭულაძის პარტია რამდენიმე წევრმა დატოვა. როგორ შეაფასებდით ამ პროცესს?


- პაატა ბურჭულაძის პარტია იყო გაერთიანება და არა პარტია. ბურჭულაძე ხალხის მასისთვის იყო პოპულარული. ვამაყობდით, რომ საქართველოს ჰყავს წარმატებული მომღერალი. ბევრისთვის მისაღები იყო სახე, რომელიც არ იყო პოლიტიკაში „გასვრილი". შემდეგ გაერთიანდა „გირჩთან", „ნაცების" ყველაზე ცნობად სახეებთან, რამაც გამოიწვია მეტრეველის, ლაგაზიძის, რუხაძის წასვლა. დღეს ბურჭულაძის არავითარი პარტია არ არსებობს, ყველაფერს წყვეტენ პავლე კუბლაშვილი და გიორგი მელაძე, ბურჭულაძე კი მხოლოდ ფასადად დარჩა.


- თქვენი აზრით, რომელი პოლიტიკური პარტიები გადალახავს 5%-იან ბარიერს?

 

- დღესდღეობით, როდესაც არჩევნებამდე ერთი თვეა დარჩენილი, აშკარაა, რომ „ქართული ოცნება" არა მხოლოდ ბარიერს გადალახავს, არამედ ძალიან ბევრ ხმას დააგროვებს. არ გამოვრიცხავ, რომ „ოცნება" შექმნის პარლამენტში საკუთარი ძალებით უმრავლესობას. ასევე, „ნაციონალური მოძრაობა" გადალახავს ბარიერს. რაც შეეხება სხვა პარტიებს, ყველა არის საეჭვო. ვერცერთზე ვერ იტყვი, რომ რომელიმე ნამდვილად გადალახავს 5%-იან ბარიერს.


- როგორ ფიქრობთ, კოალიციიდან გამოსული პარტიები შეძლებენ ბარიერის გადალახვას?

 

- საერთოდ ვერ ვხედავ შანსებს, რომ კოალიციიდან გასულმა რომელიმე პარტიამ მიიღოს 5 პროცენტი.


- შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ზოგიერთი პოლიტიკური პარტიები პროვოკაციებს გეგმავენ. თქვენი აზრით, რამდენად მშვიდ გარემოში ჩატარდება არჩევნები?

 

- მასობრივ არეულობას ვერავინ მოწყობს, რადგან იმდენი ამომრჩეველი არ ჰყავს არცერთ პარტიას, რომ მსგავსი რამის განხორციელება შეძლოს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner