ავტორი სოფო ხუგოიანი
კოალიციაში არსებული ვითარება, „ქართული ოცნების" გუნდის გადახალისება და ოპოზიციური სპექტრის შესაძლო გაერთიანება ხელისუფლებასთან დაპირისპირებისთვის, ამ თემებზე „რეპორტიორს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარიაესაუბრა.
- გოგი თოფაძის განცხადებას თურქეთთან დაკავშირებით მმართველი გუნდი გაემიჯნა. არის თუ არა ეს ის განცხადება, რომელიც კოალიციაში შეიძლება დაპირისპირების მიზეზი გახდეს?
- თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ ამ განცხადებას ვემიჯნებით. ასეთი განცხადებები, ასეთ დროს და საერთოდ პარტნიორ ქვეყანაზე მიუღებელია. თოფაძეს ტექსტი სხვა მიმართულებით მიჰყავდა და ამაში სხვა აზრი იდო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო წამოცდენა და გამიზნულად არ უთქვამს. არ მგონია, რომ მას ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის წყენინება სურდა. ნამდვილად არ ჰქონდა გამიზნული აგრესიული განცხადების გაკეთება, მაგრამ შედეგი, სამწუხაროდ, ასეთი გამოვიდა.
- „მრეწველები" გამოდიან ინიციატივით, რომ არჩევნებზე ცალ-ცალკე მიიღონ მონაწილეობა. თქვენთვის არის ცნობილი, როგორ შეხვდა ამ განცხადებას პრემიერი და თუ არის ჩამოყალიბებული - „ქართული ოცნება" კოალიციურ რეჟიმში მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას თუ ცალ-ცალკე?
- თუ კოალიცია დაიშლება, ეს მოხდება ცივილიზებულად, ყოველგვარი აყალ-მაყალის და წიოკის გარეშე. რაც მოძრაობს, მარადიული არ არის და მას დასასრული აქვს. არის თუ არა ეს დასასრული, უახლოეს ხანში გამოჩნდება. თუ დავიშლებით, ესეც სტრატეგიის ნაწილი იქნება, თუ ერთად წარვდგებით, ამასაც უნდა შედეგზე ორიენტირება და გათვლა. საზოგადოება ერთ რამეში უნდა იყოს დარწმუნებული, არავითარი ნაბიჯი არ გადაიდგმება, რაც ქვეყანას დააზიანებს და არც ხათრით და არც ანგარებით არავინ არ მოხვდება არც სიაში და არც კოალიციაში. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყნის წინსვლა გაგრძელდეს.
ისინი იყვნენ კოალიციაში და პარტიული დამოუკიდებელი აქტივობები არ ჰქონდათ, თავს იკავებდნენ, ამიტომ გაუჭირდებათ ასე უცებ დამოუკიდებელ რელსებზე გადასვლა. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ არ იქნება სამართლიანი და სწორი, რომ ისინი ახლა დამოუკიდებლად გავიდნენ. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ისევ ერთიანად გავიდოდით არჩევნებზე, მაგრამ თუ რომელიმე აიჩემებს, რომ მაინცდამაინც მარტო უნდა გასვლა, რა თქმა უნდა, შეუძლიათ გავიდნენ.
- საჭიროა თუ არა გუნდის გადახალისება და მიმდინარეობს თუ არა ამაზე მუშაობა?
- ჩვენ რამდენჯერმე დავაანონსეთ, რომ აუცილებელია, რათა განვითარებას პერსპექტივა მისცე. ახალი ნიშნავს განვითარებას, ნოვატორულ იდეებს, აქტიურ სიცოცხლესა და მოძრაობას. ამ მიმართულებით მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა, თუ რა დოზით იქნება ეს, მომავალში გამოჩნდება.
- მიმდინარეობს მოლაპარაკება ოპოზიციურ სპექტრში, აპირებენ კოალიციის შექმნას და ხელისუფლებასთან დაპირისპირებას. თქვენი, როგორც უმრავლესობის წევრის გადმოსახედიდან, შეძლებს თუ არა ოპოზიცია გაერთიანებას და რამდენად გაგიწევენ რეალურ კონკურენციას ერთიანი ჯგუფით?
- თუ საუბარია „ნაციონალურ მოძრაობაზე", მათ პერსპექტივა არ აქვთ. თუ გარკვეული ძალები მსოფლმხედველობის მიხედვით მოახერხებენ შეკავშირებას, ეს ცუდი არ იქნება ამომრჩევლისთვისაც. ეს იმისთვისაცაა კარგი, რომ ხმები არ გაიფანტოს და რეალურად ოპოზიციური ძალები გარკვეულ წონასაც შეიძენენ. არ მგონია, ჩვენ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიონ, მაგრამ მათთვის უკეთესია. მათ გაერთიანებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, თუ არჩევნებამდე ისევ არ დაიშლებიან, რადგან გამოცდილებიდან ვიცი, რომ გაერთიანება არ არის მარტივი.