logo_geo
eng_logo
„ქართული საგარეო პოლიტიკის მარცხი მტრის ძალის შეუფასებლობამ გამოიწვია“
- +

15 სექტემბერი. 2016. 19:21



გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა" სტატიას აქვეყნებს სათაურით „უგუნურების თარეში საქართველოში". სტატიაში საუბარია იმ მიზეზებზე, რამაც ქართული საგარეო პოლიტიკის მარცხი გამოიწვია. ერთ-ერთ მიზეზად მტრის, ამ შემთხვევაში კი რუსეთის ძალის შეუფასებლობა სახელდება.


საუბედუროდ, საქართველოს მმართველი წრეების მიერ არავინ არის ისე ცუდად შესწავლილი, როგორც რუსეთი და რუსი საზოგადოება", - წერს გამოცემა.

 

„ქართული საგარეო პოლიტიკის მარცხი გამოიწვია მტრის ძალის შეუფასებლობამ. კერძოდ, საქართველოს მმართველი პოლიტიკური ელიტები, საკუთარი არაკომპეტენტურობის და ინტელექტუალური რესურსების ნაკლებობის გამო, 1980-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული დღემდე სრულად ვერ აფასებენ მტრის, ანუ ამ შემთხვევაში რუსეთის, ძალას და შესაძლებლობებს. შესაბამისად, ქართული ელიტები თავის თავს და ქართველ საზოგადოებას მუდმივად კვებავენ აზრით, რომ რუსეთი სუსტი, დაუძლურებული სახელმწიფოა. ამ აზრში შესაძლებელია იყოს სიმართლის მცირეოდენი მარცვალი, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ ელიტებს ავიწყდებათ, რომ რუსეთი სუსტია არა კიდევ უფრო სუსტ და პატარა საქართველოსთან მიმართებაში, არამედ ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებულ დასავლეთთან შედარებით.

 

როგორც ძველი ფრთოსანი გამოთქმა ამბობს, „რუსეთი არასდროს არის ისეთი ძლიერი, როგორც გამოიყურება, და არასდროს არის ისეთი სუსტი, როგორც ჩანს". გარდა ამისა, რუსეთის სისუსტე დასავლეთთან მიმართებაში არასრულია. კერძოდ, სრული ჭეშმარიტებაა, რომ რუსეთი მატერიალურ-ტექნიკური განვითარებით დასავლეთის სამყაროს - ამერიკის შეერთებულ შტატებს და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს - ჩამორჩება და ისტორიულად ყოველთვის ჩამორჩებოდა. მაგრამ, რუსეთის და ნებისმიერი სხვა ქვეყნისა და საზოგადოების ძლიერების და სისუსტის მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკური განვითარების დონით გაზომვა მცდარია. შესაბამისად, მცდარია რუსეთის ძლიერების და სისუსტის მხოლოდ მისი მატერიალურ-ტექნიკური განვითარების დონით განსაზღვრა. რუსეთი და რუსული საზოგადოება საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ჩამორჩენილობის კომპენსაციას მუდამ ახდენდა და ახდენს გამაოგნებელი გამძლეობის უნარით და საერთო ეროვნული მიზნისა და იდეებისადმი თითქმის ფანატიკური ერთგულებით. ამ მიზნისა და იდეების სამსახურში რუს საზოგადოებას შეუძლია აიტანოს ნებისმიერი სახის მატერიალური გაჭირვება და გაიღოს ნებისმიერი მასშტაბის ადამიანური მსხვერპლი. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირმა დაღუპულთა სახით დაკარგა 27 მილიონი ადამიანი, შედარებისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მეორე მსოფლიო ომში სულ დაკარგა 400 000 ადამიანი, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა 388 000 ადამიანი.

 

მსოფლიო პოლიტიკის დაუნდობელ მორევში მსხვერპლის გაღების უნარი რუსეთის უპირატესობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი იყო და ეს ამჟამადაც ასე რჩება. მსგავსი მსხვერპლის გაღება დასავლეთის ლიბერალ-დემოკრატიულ, ღია საზოგადოებებს არ ძალუძთ. მაგალითისთვის ერაყის უკანასკნელი ომიც გამოდგება. 2003 წლიდან მოყოლებული აშშ-მ ერაყის ომში დაღუპულთა სახით 4 326 ჯარისკაცი და ოფიცერი დაკარგა, რასაც შედეგად ამერიკულ საზოგადოებაში შოკი, ომისადმი ფართომასშტაბიანი პროტესტი და საბოლოოდ ერაყიდან აშშ-ის ჯარების გამოყვანა მოჰყვა. შედარებისათვის, რუსეთმა ოფიციალური მონაცემებით 1994 წლიდან ჩეჩნეთის ორივე ომში დაკარგა 10,000 ჯარისკაცი, ხოლო დამოუკიდებელ ექსპერტთა მიხედვით 40 000-მდე ჯარისკაცი. მიუხედავად ამგვარი მსხვერპლისა და პირველ ჩეჩნურ ომში სამარცხვინო დამარცხებისა, რუსეთმა მაინც მოძებნა იმის ფიზიკური და მორალური ძალები, რომ მეორე ომში ჩეჩნური წინააღმდეგობა გაეტეხა და ჩეჩნეთზე კონტროლი აღედგინა.

 

მტრის შეუფასებლობა მასთან უდავო დამარცხების საწინდარია. საუბედუროდ, საქართველოს მმართველი წრეების მიერ არავინ არის ისე ცუდად შესწავლილი, როგორც რუსეთი და რუსი საზოგადოება. საინტერესოა, რომ ქართველი ფსევდო-პოლიტიკოსები საკუთარ თავს არასოდეს ეკითხებიან, როგორ გახდა მოსკოვი, აღმოსავლეთ ევროპის სტეპების პერიფერიაზე მიკარგული ტალახში ჩაფლული, ხის გალავნიანი სოფელი კონტინენტალური იმპერია, რომელსაც დღეს რუსეთად ვიცნობთ.

 

თავის არსებობის მანძილზე მოსკოვის სამთავრომ და შემდეგ რუსეთის იმპერიამ განვლო ტერიტორიული ექსპანსიის რვასაუკუნოვანი სისხლიანი გზა. ამ პროცესში რუსეთმა გაანადგურა და პირისაგან მიწისა აღგავა ევრაზიის კონტინენტის მთელი რიგი ხალხები და კულტურები და განადგურების პირას მიიყვანა არა ერთი ძლევამოსილი სახელმწიფო და იმპერია, მათ შორის ყაზანის და ყირიმის სახანოები, პოლონურ-ლიტვური სახელმწიფო გაერთიანება „რეჩ პოსპოლიტა", შვედეთის და ოსმალეთის იმპერიები და ლომის წვლილი შეიტანა მე-19 საუკუნეში ნაპოლეონის, ხოლო მე-20 საუკუნეში ჰიტლერის ნაცისტური იმპერიების დამარცხება-განადგურებაში. მე-18-20 საუკუნეებში რუსულმა ჯარებმა ორჯერ აიღეს ბერლინი (1763 და 1945 წლებში), ერთხელ პარიზი (1814 წელს), ექვსჯერ დაამარცხეს ოსმალეთის იმპერია და რამდენჯერმე აღებით დაემუქრნენ სტამბოლს (კონსტანტინოპოლს).

 

ქართული პოლიტიკური ელიტების მიერ მტრის ძალის შეუფასებლობას თან ახლავს საკუთარი ქვეყნის ძალების აბსოლუტურად არარეალური, გადამეტებული წარმოდგენა. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს ლიდერების რიტორიკა უფრო ჰგავს მსოფლიოს რომელიმე წამყვანი სახელმწიფოს მეთაურის რიტორიკას, ვიდრე ტერიტორიულად დაშლილი, ეკონომიკურად გაღატაკებული, სამხედრო თვალსაზრისით თავდაცვისუუნარო და დემოგრაფიული კატასტროფის პირას მყოფი ქვეყნისას, რომლის არსებობა წლიდან წლამდე სასწორზე დევს", - წერს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა".

 

 

ავტორი: პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი; ჯეიმსთაუნის ფონდის პოლიტიკური ანალიტიკოსი ვასილ რუხაძე.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner