გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა" ქართული საგარეო პოლიტიკის მარცხის მიზეზებზე საუბრობს სტატიაში სათაურით „უგუნურების თარეში საქართველოში". გამოცემის თქმით, ერთ-ერთ პრობლემა დასავლურ პოლიტიკურ და სამხედრო დახმარებაზე გადამეტებული, ყოვლად არარეალური იმედების დამყარებაა.
„ქართული საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, გარეშე, კერძოდ დასავლურ პოლიტიკურ და სამხედრო დახმარებაზე გადამეტებული, ყოვლად არარეალური იმედების დამყარებაა. საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში - NATO-სა და ევროკავშირში - გაწევრიანებას და დასავლურ სამყაროსთან კავშირს, ალტერნატივა არ აქვს. საქართველო ევროპული პოლიტიკურ-კულტურული სამყაროს განუყოფელი ნაწილია და მისი ადგილი იქ არის. ჩვენ არ ვეკუთვნით რუსულ სამყაროს. რუსული სამყარო ჩვენთვის უცხოა და იქ საქართველო ძალადობრივად, ისტორიული ბედუკუღმართობის გამო მოხვდა. მაგრამ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში რომ გავწევრიანდეთ ჯერ ფიზიკურად უნდა გადავრჩეთ, თორემ თუ დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესში საქართველო ფიზიკურად დაიღუპა, გასაწევრიანებელი აღარაფერი დაგვრჩება.
საუბედუროდ, 1990-იანი წლებიდან დღემდე საქართველოს მმართველმა წრეებმა დასავლეთის პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის თემა სახელმწიფო პოლიტიკის ხარისხში აიყვანეს. ნებისმიერი მაღალი თუ საშუალო რანგის დასავლელი პოლიტიკოსის, დიპლომატის თუ ბიუროკრატის თითოეული წინადადება და თვით სიტყვა, ნებისმიერი, ხშირად უმნიშვნელო პოლიტიკური ორგანოსა თუ ინსტიტუტის მიერ მიღებული ხშირად არაფრის მომცემი დეკლარაცია და მისი ყოველი აბზაცი, საქართველოს პოლიტიკურ წრეებში მისხალ-მისხალ, ლამის პათოლოგიური სკრუპულოზურობით ანალიზდება, რასაც თან მოსდევს ქართული სატელევიზიო არხების მიერ მრავალდღიანი სჯა-ბაასი, თუ რას ნიშნავს ესა თუ ის განცხადება საქართველოსთვის. ეს არაფრის მომცემი განსჯა უმეტეს შემთხვევაში მთავრდება მცდარი დასკვნით, რომ საქართველო დასავლეთის სამყაროსთვის, განსაკუთრებით კი აშშ-სთვის, უმთავრესი პრიორიტეტია და საქართველო მისი გეოპოლიტიკური დღის წესრიგის პირველ პლანზე დგას. ამგვარ მცდარ დასკვნებს ასევე ხშირად ახლავს პათეტიკური მოწოდებები, რომ საქართველომ დასავლეთის საგარეო პოლიტიკის მეორე პლანზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაინაცვლოს", - წერს გამოცემა.
„საქართველოს რესპუბლიკის" თქმით, საქართველო აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში არასდროს მდგარა და ეს არის ილუზია, რომლითაც საქართველოზე ამერიკის ყურადღებასა და მხარდაჭერაზე სპეკულაციით საკუთარი სუსტი შიდა პოლიტიკური ლეგიტიმურობის გამყარებას ცდილობდნენ.
„სამწუხარო პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო და საერთოდ კავკასიის რეგიონი, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში პირველ პლანზე არასოდეს მდგარა. ამგვარ ილუზიას 1990-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე საქართველოს ფსევდო-ელიტები ქმნიდნენ, რომლებიც საქართველოზე ამერიკის ყურადღებასა და მხარდაჭერაზე სპეკულაციით საკუთარი სუსტი შიდა პოლიტიკური ლეგიტიმურობის გამყარებას ცდილობდნენ. ამის ერთ-ერთი მაგალითია თუნდაც 2009 წლის იანვრის „აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია", რომელიც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის, კულტურის, მეცნიერების, დიპლომატიის და უშიშროების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებდა. მიუხედავად ჩვენი ამერიკელი პარტნიორების განცხადებისა, რომ ეს არ იყო ორ ქვეყანას შორის მოკავშირეობის ხელშეკრულება, ქართული მხარე მაინც დაჟინებით იმეორებდა, რომ საქართველო ამ ხელშეკრულებით აშშ-ის მოკავშირე ხდებოდა. აშკარა იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომლის შიდა პოლიტიკური ლეგიტიმურობა 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთთან კატასტროფული მარცხის შემდეგ საფუძვლიანად შერყეული იყო, საგარეო დახმარების ილუზიის საფარქვეშ საკუთარი პოზიციების გამყარებას ცდილობდა.
დასავლეთის დახმარებაზე გადამეტებული იმედების დამყარება ჩვენი მხრიდან არა მარტო უგუნურება, არამედ უსამართლობაც არის. ის უგუნურება და უსამართლობაა, რადგან საქართველოს დაცვას არავინ დაჰპირებია და უფრო მეტიც, ეს დასავლეთს არც ევალება. საქართველოს არ არის დასავლეთის მოკავშირე ქვეყანა, რომელიც ჩვეულებრივ თავდაცვის გარანტიებს ითვალისწინებს. საქართველო მხოლოდ არის დასავლეთის პარტნიორი ქვეყანა, რომელიც მოკავშირეობასთან შედარებით ურთიერთობის გაცილებით დაბალი საფეხურია. უფრო რომ გავამარტივოთ, დასავლეთის პარტნიორი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც დასავლეთის მტერი არ არის.
ასევე აუცილებელია, ქართულმა ფსევდო-ელიტებმა და მთელმა ქართველმა საზოგადოებამ სრულად გაიაზროს და გაითავისოს, რომ საქართველო არ არის და არასოდეს ყოფილა აშშ-ის და საერთოდ დასავლეთის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი და შესაბამისად, მის დახმარებაზე გადამეტებული იმედების დამყარება, რბილად რომ ვთქვათ, უგუნურებაა. საგარეო დახმარების ილუზიის ქონა სულაც არ არის უვნებელი ჩვევა, რადგან მას ყოველთვის მოსდევს იმედგაცრუება, იმედგაცრუებას კი საზოგადოების დემორალიზაცია და საერთო საბრძოლო სულისკვეთების დაცემა. ამიტომ, მსგავსი ილუზიებისაგან გათავისუფლება უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია.
რა თქმა უნდა, პატარა ქვეყნისთვის დიდი სახელმწიფოების, განსაკუთრებით აშშ-ის მსგავსი ზესახელმწიფოს მხარდაჭერა, სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია. ამაზე არავინ დავობს. მაგრამ შეუძლებელია, სახელმწიფომ და ერმა, მისი ყოველი ნაბიჯი იმით განსაზღვროს, თუ რამდენად არის იგი დიდი ზესახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის პირველ პლანზე. ეს არის დამანგრეველი ჩვევა და სტრატეგია, რომელიც ქვეყანას არასოდეს საშუალებას არ მისცემს, საკუთარი არსებობის შენარჩუნებისათვის რაიმე ქმედითი და ღირებული გააკეთოს. ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იმაში უნდა ვეძიოთ, რომ საქართველოს ფსევდო-ელიტები დაავადებული არიან ეროვნული არასრულფასოვნების მძაფრი კომპლექსით, რომლითაც მათ ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილიც დააავადეს. საქართველოს პოლიტიკურ ელიტებს, ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც, უბრალოდ არ სჯერათ, რომ საქართველომ თავისით, დამოუკიდებლად რაიმე შეძლოს", - წერს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა".
ავტორი: პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი; ჯეიმსთაუნის ფონდის პოლიტიკური ანალიტიკოსი ვასილ რუხაძე.