logo_geo
eng_logo
„რუსეთი უკრაინაში ჩართულია სისხლისმღვრელ ომში, რომელსაც ბოლო არ უჩანს“
- +

15 სექტემბერი. 2016. 19:50


 

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა" სტატიას აქვეყნებს სათაურით „უგუნურების თარეში საქართველოში" სადაც საუბარია ქართული საგარეო პოლიტიკის მარცხის გამომწვევ მიზეზებზე. ერთ-ერთ მიზეზად გამოცემა ასახელებს ილუზიას, რომ დღევანდელი რუსეთი საკმაოდ მალე დაიშლება.

 

 

პრობლემა, რომელიც ქართულ საგარეო პოლიტიკურ აზროვნებას ახასიათებს არის ილუზია, რომ დღევანდელი რუსეთი დაიშლება და თანაც საკმაოდ მალე. ამ მხრივ ქართული ფსევდო ელიტები კერძო საუბრებში ხშირად პარალელებს საბჭოთა კავშირთან ავლებენ. მართლაც ჩვენი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ხშირად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთ პერსპექტივად, საბჭოთა კავშირის მსგავსად დღევანდელი რევანშისტული რუსეთის დეზინტეგრაციაღა რჩება. პრობლემა ის გახლავთ, რომ რუსეთის დეზინტეგრაცია უაღრესად სათუო მოვლენაა. ისტორიული პარალელების, მათ შორის საბჭოთა კავშირთან ისტორიული პარალელების გავლება კი ყოველთვის მაცდური პრაქტიკაა, მაგრამ არა ყოველთვის ლოგიკური. ქართული პოლიტიკური ელიტები საბჭოთა იმპერიის დაშლის მიზეზებად რამდენიმე ფაქტორს ხედავენ: საბჭოთა სისტემის ღრმა კორუმპირებულობა; ავღანეთში ხანგრძლივი, წარუმატებელი ომი; უზარმაზარი სამხედრო ხარჯები და 1980-იან წლებში ნავთობზე ფასების კატასტროფული ვარდნა. ისინი თვლიან, რომ დღევანდელი რუსეთიც ზუსტად იგივე პრობლემების წინაშე დგას: თანამედროვე რუსული პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემა უაღრესად კორუმპირებულია; რუსეთი უკრაინაში ჩართულია სისხლისმღვრელ ომში, რომელსაც ბოლო არ უჩანს; სულ უფრო იზრდება რუსეთის სამხედრო ხარჯები და მსოფლიოში კატასტროფულად დაეცა ნავთობის ფასი.

 

წარსულის უფრო ახლო ანალიზი გვიჩვენებს, რომ აქ მოყვანილი პარალელები არც ისე ზუსტია. კერძოდ, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა (მაგალითად, სტალინის ეპოქა) რუსული პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემა ყოველთვის ღრმად კორუმპირებული სისტემა იყო, თუმცა ეს იმპერიის დაშლის პირდაპირი მიზეზი არასოდეს გამხდარა. მეორე, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ომში უშუალოდ რუსული სამხედრო შენაერთები მონაწილეობენ და ეს ომი რუსული იარაღით მარაგდება და რუსული ფულით ფინანსდება, უკრაინის ომი გაცილებით უფრო ნაკლები ინტენსივობის ეგრეთ წოდებული ჰიბრიდული სამხედრო კონფლიქტია, ვიდრე ავღანეთის სრულმასშტაბიანი, კონვენციური ომი, სადაც დღევანდელ რუსეთს საბჭოთა კავშირისაგან განსხვავებით გაცილებით ნაკლები მატერიალური და ადამიანური დანაკარგები აქვს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ რუსეთი უკრაინის ომს მნიშვნელოვანწილად ადგილობრივი რუსულენოვანი მოსახლეობის ადამიანური მსხვერპლის ხარჯზე აწარმოებს.

 

ასევე მცდარია საბჭოთა კავშირის და დღევანდელი რუსეთის ეკონომიკურ პრობლემებს შორის პარალელების გავლება. 1980-იან წლებში, საბჭოთა კავშირს კოლოსალური ფინანსური ვალდებულებები ჰქონდა, რომლებიც მოსკოვის მიერ კომუნისტური ბანაკის და მესამე მსოფლიოს განვითარებადი, სოციალისტური ქვეყნებისადმი ეკონომიკურ დახმარებაში და ასევე უშუალოდ საბჭოთა კავშირის უზარმაზარ სამხედრო ხარჯებში აისახებოდა. დღევანდელ რუსეთს, მიუხედავად მისი სამხედრო ხარჯების ზრდისა, მსგავსი ფინანსური ვალდებულებები არ აქვს, რაც ნავთობზე ფასების ვარდნის მიუხედავად მას ლავირების და გადარჩენის გაცილებით მეტ საშუალებას აძლევს.

 

და მაინც, დღევანდელი რუსეთი რომც დაიშალოს, როგორც ეს 1917 წელს ცარისტულ იმპერიას, ხოლო 1991 წელს საბჭოთა კავშირს დაემართა, უნდა გვახსოვდეს, რომ რუსულ იმპერიას რეინკარნაციის საოცარი და სწრაფი უნარი გააჩნია. 1917 წლის ორი (ბურჟუაზიული და ბოლშევიკური) რევოლუციის და 4-წლიანი სისხლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ რუსეთმა ახალი, კიდევ უფრო ძლიერი საბჭოთა იმპერია შვა, რომელმაც დაპყრობილ ხალხებს თავს ენით აუწერელი უბედურება დაატეხა მომდევნო 70 წლის მანძილზე.

 

ასევე, საბჭოთა კავშირის დაშლის, მომდევნო 9-წლიანი ქაოსისა და დემოკრატიის წარუმატებელი ექსპერიმენტის შემდეგ, რუსეთმა ახალი მონსტრი, პუტინის ავტორიტარული რეჟიმი შვა. მართალია, ახალმა რეჟიმმა საბჭოთა იმპერია ვერ აღადგინა, მაგრამ იმპერიის მთავარი საფუძველი, რუსეთი დაშლას გადაარჩინა, განამტკიცა და დღეს იგი ევრაზიის კონტინენტზე ჰეგემონიის აღდგენას არცთუ მთლად წარუმატებლად ცდილობს. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი და უკრაინაში მიმდინარე ომი ამ პროცესიის დამადასტურებელია.

 

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ნათელია, რომ რუსეთის დეზინტეგრაციის ალბათობაზე ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის და ტაქტიკის დამყარება, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია", - წერს  „საქართველოს რესპუბლიკა".

 

 

ავტორი: პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი; ჯეიმსთაუნის ფონდის პოლიტიკური ანალიტიკოსი ვასილ რუხაძე,


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner