logo_geo
eng_logo
„საქართველოს ნეიტრალიტეტი მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს“
- +

15 სექტემბერი. 2016. 19:53


 

„პრობლემა, რომელიც ქართულ საგარეო პოლიტიკურ აზროვნებას, განსაკუთრებით კი უკანასკნელ ხანებში, ახასიათებს, გახლავთ საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეა", - წერს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა" სტატიაში „უგუნურების თარეში საქართველოში" და ასახელებს მიზეზებს, რის გამოც ქართულმა საგარეო პოლიტიკამ მარცხი განიცადა.


გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ დღეისათვის საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეა უკეთეს შემთხვევაში პოლიტიკური გაუნათლებლობის და უარეს შემთხვევაში პირდაპირი პოლიტიკური საბოტაჟის შედეგია. თანამედროვე მსოფლიოში ნეიტრალური ქვეყნების კლასიკურ მაგალითს ფინეთი (1956-1995 წლებში) და შვეიცარია (დღემდე) წარმოადგენენ. თუმცა ჩვენში ნეიტრალიტეტის მომხრეებს ავიწყდებათ, რომ ფინეთმა ნეიტრალიტეტი საბჭოთა კავშირთან 1939 წლიდან უმძიმესი ომების შედეგად მოიპოვა, რომელშიც ათეულ ათასობით ფინელი დაიღუპა. საბჭოთა კავშირი ფინეთის ნეიტრალიტეტს (ანუ როგორც ეს ისტორიაში ცნობილიაფინლანდიზაციას") მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა, რაც ფინელმა ხალხმა საბჭოთა იმპერიას სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია და საბჭოთა რეჟიმი დარწმუნდა, რომ ფინეთის მთლიანად დაპყრობა მხოლოდ უდიდესი დანაკარგების ფასად მოუწევდა. ამით ისტორია იმას გვიჩვენებს, რომ ნეიტრალიტეტს მოპოვება სჭირდება, რაც ხშირად დიდი ადამიანური და მატერიალური მსხვერპლის გაღებას მოითხოვს.

 

მაგრამ ნეიტრალიტეტის მხოლოდ მოპოვება საკმარისი არ არის. მას შენარჩუნება სჭირდება, რასაც უცილობლად ნეიტრალური ქვეყნის სამხედრო ძალა უნდა უმაგრებდეს ზურგს. ფინეთმა საკუთარი ნეიტრალიტეტის შენარჩუნება არა საბჭოთა კავშირის კეთილი ნების, არამედ საკუთარი სამხედრო პოტენციალის შედეგად შეძლო, რადგან საბჭოთა იმპერიას ყოველთვის კარგად ახსოვდა, რომ ფინეთთან ომი არცთუ ადვილი იყო.

 

ასევე, შვეიცარიამ 1815 წლიდან საკუთარი ნეიტრალიტეტის შენარჩუნება არა მის ირგვლივ არსებული დიდი ევროპული იმპერიების კეთილი ნების, არამედ საკუთარი სამხედრო პოტენციალის შედეგად შეძლო. შვეიცარიის ირგვლივ ყველა ევროპულ იმპერიას ნათლად ესმოდა, რომ მთიან, კბილებამდე შეიარაღებულ, მამაც შვეიცარიასთან ომი და მისი დაპყრობის მცდელობა აგრესორისთვის უდიდეს დანაკარგებთან და შესაძლო სამხედო კრახთან იყო დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ თვით ჰიტლერულმა გერმანიამაც კი, მისი სამხედრო ძლიერების მწვერვალზე, უარი თქვა შვეიცარიაში სამხედრო ინტერვენციაზე.

 

შესაბამისად, საქართველომ ნეიტრალიტეტი რომც გამოაცხადოს, მისი ნეიტრალიტეტი ფიქციად დარჩება, რადგან მას ზურგს არავითარი ძალა არ უმაგრებს. საქართველოს სამხედრო თავდაცვისუნარიანობა დღეს თითქმის ნულის ტოლია. ამიტომ, ნებისმიერი დიდი სახელმწიფო საქართველოს ფორმალურ ნეიტრალიტეტს პირველი შესაძლებლობისთანავე ადვილად დაარღვევს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ამგვარი სისუსტის პირობებში საქართველოს ნეიტრალიტეტი მხოლოდ აგრესორს, ამ შემთხვევაში კი რუსეთს აძლევს ხელს, რომელიც ჩვენს ნეიტრალურ სტატუსს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციისა და შემდგომი მანიპულაციისათვის გამოიყენებს", - წერს „საქართველოს რესპუბლიკა".

 

 

ავტორი: პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი; ჯეიმსთაუნის ფონდის პოლიტიკური ანალიტიკოსი ვასილ რუხაძე.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner