logo_geo
eng_logo
გია ჟორჟოლიანი: მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება…
- +

11 მარტი. 2016. 18:45



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი „რეპორტიორთან" ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და წინასაარჩევნო გარემოს აფასებს.


- ბატონო გია, უჭერთ თუ არა მხარს საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს ქორწინების განმარტება და ელით თუ არა, რომ ამ ინიციატივის განსახორციელებლად პარლამენტში საკმარისი ხმები მოგროვდება?


- მხარს ვუჭერ ამ ინიციატივას. ხელიც მოვაწერე განცხადებას. ეს არ არის ახალი. ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მივიღეთ. საზოგადოებაში არის განწყობა, რომ ჩვენი ტრადიციული ღირებულებრივი სისტემიდან გამომდინარე მსგავსი ჩანაწერი გაჩნდეს კონსტიტუციაში. მეც მიმაჩნია, რომ ამის გარანტიები უნდა არსებობდეს.


თუკი საკმარისი ხმები ვერ მოგროვდება, მივმართავთ სხვა გზას. კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა სხვა ხერხებითაც შეიძლება და შეიძლება ამაზეც ვიფიქროთ.


- როგორ შეაფასებთ გოგი თოფაძის განცხადებას თურქეთთან მიმართებაში, სადაც თოფაძემ თურქეთი რუსეთთან გააიგივა. შესაძლოა თუ არა, რომ მისმა განცხადებამ ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან გარკვეული უხერხულობა შექმნას?


- თურქეთი არის ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, კეთილმეზობლური ურთიერთობა გვაქვს. რაც შეეხება იმას, თუ რომელი მიწა ვისი იყო ისტორიულად, მაშინ აშშ-ის ძირითადმა მოსახლეობამ უნდა დატოვოს ტერიტორია, იროკეზების და მოჰიკანების შთამომავლები მოძებნონ და იმათ გადასცენ. ასევე ამ ლოგიკით თუ მივყვებით, თურქეთის ტერიტორია უნდა დაიკავოს ბიზანტიამ, თუმცა აღარ არსებობს და ამ შემთხვევაში საბერძნეთმა. საერთაშორისო სამართალი საფუძველს იღებს მე-17 საუკუნიდან და დღეისთვის არსებობს დაკანონებული საზღვრები. ცხადია, რომ არავითარი პრობლემა არ გვაქვს თურქეთთან ტერიტორიებზე.


- ოპოზიციის გაერთიანების მცდელობას როგორ აფასებთ?


- ვერ ვხედავ ოპოზიციის გაერთიანების საჭიროებას. თუმცა, ვფიქრობ, რომ ოპოზიციურ სპექტრში რაღაც გაერთიანებები იქნება. მაგრამ, როგორც ასეთი, ერთიანი ოპოზიციის შექმნის შესაძლებლობას ვერ ვხედავ.


- თუკი მაინც გაერთიანდება ოპოზიციური სპექტრი, როგორ ფიქრობთ, რამდენად გაგიწევთ უმრავლესობას კონკურენციას?


- არ მგონია, რომ კონკურენცია გაგვიწიონ. თუმცა, ამაში არ არის საქმე. მე ამის საჭიროებას და შესაძლებლობას ვერ ვხედავ.

 

- ნადეჟდა სავჩენკოზეც გკითხავთ. რა უნდა გააკეთოს ქართულმა მხარემ, რომ სავჩენკოს მიმართ სოლიდარობა დააფიქსიროს და ხომ არ ფიქრობთ, რომ საჭიროა, რუსეთის მიმართ ცივილიზებული მსოფლიოს მხრიდან სანქციები გამკაცრდეს?


- რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ყველა ადამიანის უფლებები. მაგრამ, ქართულ მხარეს რუსეთთან იმდენი სადავო აქვს, რამდენიც არავის. ამდენად, არ მგონია, რომ ამაზე უფრო მკაცრი პოზიცია გნებავთ სამართლებრივი ან პოლიტიკური თვალსაზრისით, როგორმე შევძლოთ და გამოვხატოთ. ამავდროულად ვცდილობთ, რომ ჩვენს მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან, ეკონომიკის სფეროში, ინფორმაციის გაცვლის კუთხით და ა.შ. პრაგმატული ურთიერთობები გვქონდეს.


- როგორ აფასებთ წინასაარჩევნო გარემოს?


- მთავრობის მიერ შემოტანილია კანონპროექტი სპეცუბნების თაობაზე. ასევე შექმნილია ჯგუფი ქალბატონ თეა წულუკიანთან და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და მზად ვართ, ყველა წინადადება მოვისმინოთ. გადაწყვეტილი გვაქვს, რომ შევქმნათ სახელმწიფო, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას.

 

- რა კონფიგურაციით წარსდგება „ქართული ოცნება" არჩევნებზე?


- პარტია „ქართული ოცნების" ლიდერებმა განაცხადეს, რომ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები და ვფიქრობ, ასეც მოხდება.


რაც შეეხება საარჩევნო ბლოკს, თუ როგორი იქნება ის, ვფიქრობ, ამის შესახებ საბოლოოდ ერთ თვეში გახდება ცნობილი. დღეისთვის მყარ კონფიგურაციას ვერ ვხედავ. ეს გამოჩნდება უახლოეს პერიოდში.

 

- „მრეწველების" ინიციატივაა, რომ ყველა პარტია გამოეყოს კოალიციას და არჩევნებში მონაწილეობა ცალ-ცალკე მიიღოს. ეთანხმებით თუ არა ამ იდეას და რამდენად შეიძლება ველოდოთ მოვლენების ასე განვითარებას?


- ეს არ არის მხოლოდ „მრეწველების" იდეა. ეს აზრი ბევრჯერ გამოითქვა. უბრალოდ, „მრეწველებმა" ამის მზადყოფნა გამოთქვეს და განაცხადეს, რომ ასეთ შემთხვევაში მზად არიან, მარტო მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. მგონი, ყველა პარტია მზად არის ამისთვის. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner