logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: მიმართვა მასწავლებლებს!
- +

15 სექტემბერი. 2016. 22:51



ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია პედაგოგებს მიმართავს:



„მიმართვა მასწავლებლებს:

 

დაწყებითი კლასები წყენით და ტკივილით მახსენდება. ამდენი წელი გავიდა და მაინც ვერ ვივიწყებ დაწყებითი კლასების მასწავლებლის მუდმივ ბოროტებებს ჩემს მიმართ. მახსოვს, განსაკუთრებით ის ბავშვები უყვარდა, რომელთა მშობლებიც საჩუქრებს არ აკლებდნენ, მუდმივად ცდილობდა ხოლმე ერთი ოთხიანი მაინც გამოეყოლებინა ჩემთვის, მეოთხე მეოთხედში მაინც - მაშინ მეოთხედებით იყო სწავლა და თუ სამი მეოთხედი ხუთიანი გყავდა და მეოთხე მეოთხედში ოთხიანი, წლიურში ოთხიანი გყვებოდა. ჩემს მშობლებს, საბედნიეროდ, აზრად არ მოსვლიათ მასწავლებელთან ზედმეტი "დამეგობრება", თუმცა ამის ფასი მძიმე იყო ხოლმე მასწავლებლის მხრიდან. ორიოდეჯერ მაინც ვერ მომდო ვერაფერზე შარი მასწავლებელმა და ,, ფრიადოსანთა დაფაზე მხოლოდ ჩემი ფოტოს დაკიდება მოუწია.

 

ამიტომ... სკოლის მასწავლებლებს მინდა მივმართო - სკოლის ასაკი ადამიანისთვის განსაკუთრებული წლებია, თუ კი შარშან მომხდარი მოვლენა შეიძლება არ მახსოვდეს, სკოლის წლებიც დეტალურად მახსოვს (მიუხედავად იმისა, რომ ოცი წელია დავამთავრე) და ის უსამართლობებიც, რომლებიც იმ წლებში ზოგიერთი მასწავლებლის მხრიდან გადავიტანე... ამიტომ მუდმივად და ფხიზლად იყავით მასწავლებლებო თქვენი მოსწავლეების მიმართ, თუ ვერ გრძნობთ რომ თითოეული მოსწავლე თქვენი შვილია და თქვენს თავს არ გირჩევნიათ, მაშინ თქვენ მასწავლებელი არ ხართ და თქვენი ადგილი სკოლაში არ ყოფილა. სკოლაში ყველაზე საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავი, მაგრამ ის ხშირი დაპირისპირება მასწავლებლების ნაწილთან, ძალიან ცუდად მაგონდება, ძალიან მტკივნეულად და წლების გასვლაც კი, თქვენ წარმოიდგინეთ, არ ახუნებს მაშინდელ ემოციებს. ამიტომაა, რომ დღემდე სკოლის გახსენება უსიამოვნო ემოციებს უფრო მგვრის ვიდრე ბავშვობის მონატრებას.

 

ძვირფასო მასწავლებლებო, ნუ გაარჩევთ მოსწავლეებს ერთმანეთისგან და გაუფრთხილდით მათ სამყაროს, სკოლის წლებში, განსაკუთრებით პირველ წლებში, მასწავლებელი მშობელზე მნიშვნელოვანიც კი შეიძლება იყოს ბავშვისათვის, გაითავისეთ ეს და ყველაფერი გააკეთეთ, რომ წლების მერე თქვეი გახსენება მადლიერებით მოახერხონ თქვენმა მოსწავლეებმა და არა ჩემსავით, უსიამოვნო განცდებით.

 

.. ცხადია, მყავდა გამორჩეული მასწავლებლები, მაგონდება ჩემი მათემატიკის მასწავლებელი თამილა მორჩილაძე, სულით-ხორცამდე მასწავლებელი, განსაკუთრებული ადამიანი; მუსიკის მასწავლებელი მანანა გელაშვილი, რომელიც დაწყებითში მასწავლიდა და მერე სკოლის ბოლო წლებში სულ ჩვენი კლასის გვერდით იყო, გვეხმარებოდა სხვადასხვა ღონისძიების გაკეთებაში და ასე შემოგვრჩა დღემდე ურთიერთობა; ჩემი უსაყვარლესი მარინა ბედოშვილი, რომელიც საგანს არც კი მასწავლიდა, მაგრამ იმდენი ამაგი აქვს ჩემზე სკოლაში და იმდენი რამ უსწავლებია, რამდენიც ბევრ მასწავლებელს ერთად აღებულს არ გაუკეთებია; ძალიან ტკბილად მახსენდება ილონა მასწავლებელი, რომელიც ახალგაზრდა გარდაიცვალა, რუსულს მასწავლიდა, უთბილესი და უკეთილესი ადამიანი იყო; განსაკუთრებით მინდა გავიხსენო ჩვენი ესპანელი დირექტორი, ხოსე სუარესი, რომელთანაც კლასს ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა ბოლო წლებში, საოცარი ადამიანი, რომელიც ასევე ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა და .. საბედნიეროდ, შემიძლია არაერთის თბილად გახსენებაც.

 

სკოლაში შესვლის ფოტოებმა გამახსენა სკოლის წლები, წყენითაც და სითბოთიც.

 

წარმატებები მოსწავლეებო და წარმატებები მასწავლებლებო, მადლიანად გეტარებინოთ მასწავლებლის განსაკუთრებული სტატუსი.

 

.. ერთ წელში ჩემს კონსტანტინეს მივიყვან სკოლაში და ზუსტად ვიცი, რომ ცოცხლად შევჭამ (მეტაფორულად ვამბობ ცხადია) იმ მასწავლებელს, ვინც უსამართლობას გამოიჩენს კონსტანტინეს. შემდგომში კი ირინოლას მიმართ."


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner