„გამორიცხულია, ნიკა გვარამიამ ჩემთან დარეკვა გაბედოს", - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა გადაცემა 2030-ში.
"გვარამიამ დაასახელა ის პოლიტიკოსები, ვისაც უკავშირდება. გავრცელებული ჩანაწერი საგულისხმოა, რადგან ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ბურჭულაძე-გვარამიას შორის რაღაც წესებზე შეთანხმება იყო, რომელიც დაირღვა. ნიკა გვარამია ტელემედიის წარმომადგენელი არ არის. ის პოლიტიკური მოთამაშეა და თვითონ არის ნაცმოძრაობა.
მე ვსაუბრობდი, რომ შეიქმნება ერთი ნავი, რომელშიც ნაცმოძრაობა სხვადასხვა პარტიების ჩასმას შეეცდება. ახლა სწორედ ამ ნავთან გვაქვს საქმე. ეს არის ნავი, რომელიც რეალურად იძირება და ბარიერს ვერ ლახავს. „რესპუბლიკური პარტია" რომ უკვე ამ ნავში ზის, ეს ფაქტია, რასაც თვითონ ნიკა გვარამიაც არ მალავს. ის ამბობს, რომ მისთვის „რესპუბლიკური პარტია" პრიორიტეტული გახდა და მათ პარტიების ხუთეულში დებატებისთვის დრო გამოუყვეს", - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა.
ირმა ინაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ როგორც ბურჭულაძის გვარამიასთან საუბრიდან გამოჩნდა, პაატა ბურჭულაძეც ამ ნავში ზის.
"ბურჭულაძე-გვარამიას საუბრიდან გამოჩნდა, რომ ამ ნავში ბურჭულაძეც არის. ბურჭულაძეს სააკაშვილის მმართველობა არანაირად არ შეუფასებია, რაღაც შუაში იყო და მხოლოდ ოცნებას აკრიტიკებდა. ოცნებას გასაკრიტიკებელი ბევრი რამ აქვს და ბურჭულაძე ჩემზე მეტს ნამდვილად ვერ იტყვის, მაგრამ წარსულზე დუმილს და მარტო დღევანდელობის კრიტიკას საზოგადოება არ იღებს.
ჩვენ არ ვითანამშრომლებთ იმ პარტიებთან, რომლებიც იტყუებიან, რომ დამოუკიდებლები არიან და სინამდვილეში, სააკაშვილის ნავში სხედან. ჩვენ არ ვაპირებთ თანამშრომლობას სააკაშვილთან, ნაცმოძრაობასთან, რესპუბლიკელებთან და სხვა მეზღვაურებთან, რომლებიც სააკაშვილის ნავში სხედან", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.