logo_geo
eng_logo
ნიკა გვარამია და პაატა ბურჭულაძე დაკითხვაზე დაიბარეს
- +

16 სექტემბერი. 2016. 00:34



სამაუწყებლო კომპანია რუსთავი -2 ის გენერალური დირექტორი დაკითხვაზე დაიბარეს. ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროში ხვალ, დღის მეორე ნახევარში  უნდა მივიდეს, თუმცა ზუსტი დრო უცნობია.


ხვალვე დაკითხვაზეა დაბარებული პოლიტიკური მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერი პაატა ბურჭულაძე, ის ჩვენებას სამართალდამცველებს 17 საათზე მისცემს.


ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის დაკითხვა, იმ სისხლის სამართლის საქმეზე მოხდება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რუსთავი 2- ის გენერალური დირექტორისა და მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის სატელეფონო საუბრის უკანონოდ მოპოვება გავრცელების ფაქტზე აღძრა.


შეგახსენებთ, რომ  შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება 14 სექტემბერს  დაიწყო.


გამოძიება პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების უკანონოდ მოპოვების და გავრცელების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 159-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).


ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, ინტერნეტში გუშინ რუსულ საინფორმაციო რესურსზე აიტვირთა, ნიკა გვარამიამ საუბარის ნამდვილობა დაადასტურა, თუმცა მისი განმარტებით ჩანაწერი დამონტაჟებულია.


დღესვე ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შესახებ პირველი კომენტარი პაატა ბურჭულაძემაც გააკეთა, მისი თქმით, სატელეფონო საუბრიდან მოხდა იმ ნაწილის ამოჭრა, სადაც ის ამბობს, რომ სახელმწიფო ხალხისთვის არ ეკუთვნის არც ნაციონალურ მოძრაობას და არც ქართულ ოცნებას. 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner