საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგა ბუკია „რეპორტიორს" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, საარჩევნო გარემოსა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ესაუბრა:
- ბატონო გიგა, ოპოზიციური სპექტრი 2016 წლის არჩევნებისთვის გაერთიანებას აპირებს. რამდენად რეალურად გესახებათ ეს მიზანი და თქვენი, როგორც უმრავლესობის წევრის გადმოსახედიდან, გაგიჭირდებათ თუ არა ბრძოლა გაერთიანებულ ოპოზიციასთან?
- ოპოზიციას დღეს ამომრჩევლისგან დიდი მხარდაჭერა არ აქვს. ვუსურვებ მათ გაერთიანებაში და მოღვაწეობაში მხარდაჭერას. ვნახოთ, რა პროგრამას წარმოადგენენ ქვეყნის სასიკეთოდ, რა ძალები გაერთიანდებიან და დანარჩენს 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებზე თავად ამომრჩეველი გადაწყვეტს.
- „ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებს როგორ შეაფასებთ? არის თუ არა უკვე ცნობილი, რა კონფიგურაციით წარსდგება „ქართული ოცნება" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?
- კოალიციაში დავრჩებით ის სუბიექტები, ვინც იგი დავაფუძნეთ. რაც შეეხება დაპირისპირებას, პრემიერის განცხადების შემდეგ ეს პრობლემა ამოწურულია. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ კონფრონტაცია აღარ გაგრძელდება. კოალიცია ემზადება არჩევნებისთვის. ერთიანი ძალებით კიდევ ერთხელ ეცდება ამომრჩევლის ნდობის მოპოვებას.
- უნდა ველოდოთ თუ არა ახალ სახეებს „ქართულ ოცნებაში"?
- ზოგადად, ახალი სახეები ყველგან საჭიროა, მაგრამ პოლიტიკაში ასე არ არის. ერთ დღეში ახალი სახის აღმოჩენა არ ხდება. ადამიანს უნდა ჰქონდეს ცნობადობა, მოსახლეობა უნდა ენდობოდეს მას, უნდა იცოდეს მისი წარსული ცხოვრება. ამ კრიტერიუმებით, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ახალი სახეები იქნება წარმოდგენილი. მაგრამ, ზოგადად ახალი სახე ნიშნავს ნაკლებ გამოცდილებას, ნაკლებ ცნობადობას და ეს ყველაფერი როგორც პლუსი, ისე მინუსიც არის. ცვლილებები განხორციელდება, მაგრამ რა დოზით, ეს არის გადასაწყვეტი.
- ევროკომისიის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დღემდე არ არის დანერგილი პროგრამები, რომლებიც მოსწავლეებს უმცირესობების მიმართ ტოლერანტობას ჩაუნერგავს. თქვენი აზრით, ეს არის რეკომენდაცია თუ საყვედური? და ხომ არ უკავშირებთ ამ განცხადებას საგნის „მე და საზოგადოება" სკოლებში დანერგვა?
- რეკომენდაცია არის რეკომენდაცია და არა სავალდებულოდ შესასრულებელი. ჩვენი გადასაწყვეტია, ამ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, თუ არა. ეს არის ფართო კონსენსუსის საკითხი და ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. ჩვენ ვართ სახელმწიფო და გავითვალისწინებთ მხოლოდ იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა ეთანხმება. რომელსაც არ ეთანხმება მოსახლეობა, არ გავითვალისწინებთ. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მგონია, რომ უფრო ხელოვნური აჟიოტაჟის ნიშნებია.
- თავად როგორ ფიქრობთ, დგას თუ არა მსგავსი ტიპის პრობლემა ჩვენს საგანმანათლებლო სისტემებში?
- არამარტო ამ მხრივ, ზოგადად ჩვენს განათლების სისტემას რომ პრობლემა აქვს, ამას უდავოდ ვაცხადებ. არა მხოლოდ მსუბუქი პრობლემა, სერიოზული პრობლემა აქვს. ჩვენი განათლების სისტემა წლების მანძილზე იყო გაჩერებული და ეს ყველაფერი სერიოზულადაა გადასახედი. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ეს ყველაფერი ნაწილობრივ დაწყებულია და ამ პროცესს გაგრძელება სჭირდება. ბევრი სტერეოტიპია დასამსხვრევი.
- ამავე დოკუმენტში, საქართველოს პატრიარქი სიძულვილის ენით საუბარშია დადანაშაულებული. რატომ არ მოჰყვა აღნიშნულ განცხადებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეაგირება?
- ინსტიტუტები, რომლებიც ევროკომისიას მსგავს ინფორმაციას აწვდიან, არ არიან მოწადინებული, ქვეყანა წარადგინონ სწორი მიმართულებით და გაიტანონ რეალობა. ვის-ვის და, როდესაც საპატრიარქოს და ეკლესიას სიძულვილის ენით საუბარს დასწამებს ადამიანი, არ მგონია, რომ მას საერთოდ წარმოდგენა ჰქონდეს ამ ინსტიტუტზე, პატრიარქზე და მის განვლილ ცხოვრებაზე. აქედან გამომდინარე, რა რეაქცია უნდა მოჰყვეს ცალკეული არასამთავრობო თუ რომელიღაც ორგანიზაციის მიერ მიწოდებულ დეზინფორმაციას, რომელსაც სინამდვილეში არანაირი საფუძველი არ გააჩნია. ყველამ ვიცით, რომ არაერთი მსგავსი დეზინფორმაცია გაუვრცელებიათ როგორც საპატრიარქოზე, ისე სახელისუფლებო წრეებზე. ეს არის ოპონენტების მიერ მცირე დროზე გათვლილი ქმედება.
- რაც არ უნდა დავარქვათ ამას, მსგავსი სახის განცხადებები საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს. თუკი ევროპულ სტრუქტურებს ინფორმაციას მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები აწვდიან და თქვენივე განცხადებით, ეს არის მცდარი ინფორმაცია, რატომ არ მუშაობს ხელისუფლება ამ საკითხზე და თავადაც არ ცდილობს, „რეალობა" გაიტანოს ქვეყნის გარეთ?
- ხელისუფლებას თავიდან სერიოზულად ჰქონდა ეს პრობლემა. ჩვენ ამ ინსტიტუტებთან არ გვქონდა ინტენსიური ურთიერთობა, ვინაიდან ოპოზიციაში ყოფნის დროს რთული იყო ევროპულ სტრუქტურებთან ისეთი ინტენსიური კავშირის დამყარება, როგორიც საჭიროა. ხედავთ, რომ წლების მანძილზე ეს შეიცვალა. ჩვენი მეგობარი ქვეყნები სრულად ინფორმირებულნი არიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და მათი მხრიდან ყველა რეფორმა მხარდაჭერილია.
- ფაქტია, რომ პრობლემები ამ მიმართულებით ხელისუფლებას კვლავ აქვს.
- პრობლემა ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ დროს არსებობს და ვისურვებდი, რომ სანამ რეკომენდაციას თუ განცხადებებს გააკეთებენ, გადაამოწმონ უფრო კომპეტენტური ანალიზი გააკეთონ მიმდინარე პროცესებზე და შემდეგ განაცხადონ ამ ყველაფრის შესახებ.