logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ამას თუ მოვახერხებთ, წარმატება გარდაუვალი იქნება!
- +

9 მარტი. 2016. 19:03



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე წინასაარჩევნო პროცესზე, კოალიციების გადაჯგუფებებსა და პოლიტიკური პარტიების წინაშე არსებულ გამოწვევებზე „რეპორტიორს" ესაუბრა:

 

- ბატონო დიმიტრი, კოალიცია „ქართულ ოცნებაში" და ზოგადად პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების საკითხი, რომელიც ოჯახის განმარტებას უკავშირდება, ერთგვარი დაპირისპირების მიზეზი გახდა. თავად უმრავლესობაშიც ვერ გადაწყდა უნდა შევიდეს თუ არა ცვლილება კონსტიტუციაში. თქვენი მოსაზრება როგორია ამ საკითხზე და რატომ ვერ ხერხდება ერთ აზრზე შეჯერება?


- ერთმნიშვნელოვნად მინდა განვაცხადო, რომ ამ ინიციატივას მხარს დავუჭერ. იცით, რომ ჩვენ საკანონმდებლო დონეზე უმცირესობის უფლებებს ვიცავთ. მაგრამ, რატომღაც ძალიან ხშირად, თითქმის ყოველდღიურად საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ ამ ადამიანების უფლებები ილახება. აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში გაჩნდა შიში, რომ შეიძლება ოდესმე ქვეყანაში დადგეს საკითხი, რომ დაკანონდეს ერთსქესიანთა ქორწინება. ვფიქრობ, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ, გავითვალისწინოთ როგორც უმცირესობების აზრი, ისე უმრავლესობის. ხელისუფლება ვალდებულია, გაითვალისწინოს საზოგადოებრივი აზრი და გარკვეულწილად მოახდინოს შიშის პრევენცია და საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს ეს საკითხი. გვინდა, რომ ქვეყნის მთავარ დოკუმენტში ავსახოთ, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი ერთობა. შიშის ეფექტის მოსახსნელად, ეს ცვლილება გამართლებული და სწორია.


ვფიქრობ, რომ ამ ინიციატივას პარლამენტში მხარდაჭერა ექნება, რადგან ეს არის პოლიტიკის მიღმა არსებული საკითხი. ყოველგვარი პოლიტიკური მრწამსის მიუხედავად, ეს ინიციატივა ერთმნიშვნელოვნად მხარდაჭერილი უნდა იყოს. იმედი მაქვს, რომ უმცირესობაც და მითუმეტეს უმრავლესობა მყარად დააფიქსირებს თავის პოზიციას და კონსტიტუციაში ეს ცვლილება შევა.

 

- რას უკავშირებთ კოალიციაში არსებულ დაძაბულობასა და დაპირისპირებას სხვადასხვა საკითხებზე?


­- კოალიციაში არსებული პოლიტიკური რყევები წინასაარჩევნო მზადებას უკავშირდება. უნდა ჩამოყალიბდეს თუ რა კონფიგურაციით იქნება წარმოდგენილი კოალიცია. ეს არის ნორმალური პროცესი. არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ჩემი პროგნოზია, რომ არცევნებზე კოალიციურ რეჟიმში წარვსდგებით. მთავარია, პარტიები ერთმანეთში წინასაარჩევნოდ შეთანხმდნენ, რომ მათ ჰქონდეთ ერთი ხედვა, ერთი სტრატეგია, ერთი პროგრამა და ერთიანად წარსდგნენ საზოგადოების წინაშე. ჩემი სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს კოალიციაში სტაბილიზაცია და გაირკვეს ყველა საკითხი.


- შესაძლოა თუ არა დასრულებულად ჩავთვალოთ „მრეწველებისა" და „რესპუბლიკელების" დავა, თუ უნდა ველოდოთ საკითხის კვლავ განხილვას პოლიტსაბჭოს სხდომაზე?


- რა თქმა უნდა, პოლიტსაბჭოზე უნდა მოხდეს შეჯერება. ეს თემა განიხილება ყველა ფრაქციაში. სწორედ ეს არის სტაბილურობის და შეთანხმების საფუძველი. პრემიერის მოთხოვნაც ასეთია. ხედავთ, რომ მან ახალი ხელწერა შემოიტანა ქართულ პოლიტიკაში. ის ეცნობა თითოეული უწყების საქმიანობას. პრემიერი დაინტერესდა პარლამენტში კომიტეტების საქმიანობითაც. პრემიერი მოახდენს ერთიან ანალიზს. არ გამოვრიცხავ, რომ სამთავრობო სტრუქტურებშიც განხორციელდეს ცვლილებები. ეს არ უნდა გვიკვირდეს, არ უნდა ვშიშობდეთ. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამით შეიძლება რაიმე ძირითადი მიმართულებები დაზიანდეს. მთავარია, ყველა ცვლილება ემსახურებოდეს სტაბილურობას და ქვეყნის წინსვლას.

 

- ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებასთან არჩევნებზე საბრძოლველად გაერთიანებას აპირებენ. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ეს იდეა და თქვენი, როგორც უმრავლესობის წარმომადგენლის პოზიცია როგორია, შეძლებს თუ არა გაერთიანებული ოპოზიცია რეალური კონკურენცია გაუწიოს უმრავლესობას?


- ჩვენი მთავარი მიზანია, რომ წინასაარჩევნოდ იყოს ჯანსაღი კონკურენცია. არ უნდა გადანაწილდნენ ოპოზიციური პარტიები იმ პრინციპით, რომ მთავარი ხელისუფლების დამარცხებაა. არ უნდა შეიქმნას ქაოტური შემადგენლობა, სადაც არ არის არც იდეოლოგიური ერთობა და არც რაიმე პოლიტიკური შემხებლობა.


- თუმცა, ასე იყო 2012 წელსაც, როდესაც თქვენ მოდიოდით ხელისუფლებაში.


- ასე იყო, როცა „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ ფაქტობრივად სხვადასხვა იდეოლოგიის პარტიებიც კი ერთ მიზანს ემსახურებოდნენ. ვფიქრობ, რომ ახლა ასეთი საჭიროება ქვეყანაში არ არსებობს. ჩვენ დავამკვიდრეთ თავისუფალი, კონკურენტული საარჩევნო გარემო. მიმაჩნია, რომ კოალიციურ შემადგენლობებს ერთი ხედვა და სტრატეგია უნდა ჰქონდეთ. საზოგადოებამ ეს უნდა დაიჯეროს და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ გამარჯვება გამარჯვებისთვის. გამარჯვებას უნდა მოჰყვეს მათი სტრატეგიის ცხოვრებაში გატარება და განვითარება. საზოგადოებამ ის სარგებელი უნდა ნახოს, რასაც თითოეული პარტია თუ კოალიცია მათ წინასაარჩევნოდ შესთავაზებს.


- ხედავთ თუ არა „ქართული ოცნების" გუნდის გადახალისების აუცილებლობას და უნდა ველოდოთ თუ არა ცვლილებებს ამ მიმართულებით?


- მიმაჩნია, რომ ახალი სახეები უნდა გაჩნდნენ „ქართულ ოცნებაში". 2012 წელს სხვა მოთხოვნა იყო, ახლა სხვა მოთხოვნები აქვს საზოგადოებას. შემადგენლობა უნდა იყოს საზოგადოების მოთხოვნასთან თანმხვედრი, რადგან, საბოლოოდ, შეფასებას აკეთებს საზოგადოება. ამიტომ, ჩვენ უნდა განვაახლოთ გუნდი ახალი, ჯანსაღი და შედეგზე ორიენტირებული სახეებით. თუ ჩვენ ამას მოვახერხებთ, წარმატება გარდაუვალია.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner