logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მიმართებაში სწორი ნაბიჯები გადადგა
- +

7 მარტი. 2016. 19:04



ექსპერტი მამუკა არეშიძე წინასაარჩევნო გარემოსა და „გაზპრომთან" გაფორმებულ ხელშეკრულებაზე „რეპორტიორთან" ინტერვიუში საუბრობს:


- ძალიან გაუგრძელდა „ქართულ ოცნებას" რეორგანიზაციის პროცესი. შეიძლება ითქვას, რომ ზოგ შემთხვევაში ის შედეგი ვერ მიიღეს, რომელსაც ვარაუდობდნენ. რეგიონებში და თბილისშიც უამრავი ადამიანი იყო, რომელმაც განსაკუთრებული მონაწილეობა მიიღო 2012 წლის არჩევნებში და არჩევნების შემდეგ დარჩნენ პარტიული სამუშაოს მიღმა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ეს ხალხი უნდა დაბრუნებულიყო პარტიულ სივრცეში და ზოგ რაიონში ამის გაკეთება მაინც ვერ მოხერხდა. ეს ამბავი სამწუხარო და გამოსასწორებელია.


რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, შეიძლება ითქვას, რომ მშენებლობის პროცესში ჩაერთვება პრემიერიც. თავად განაცხადა ეს პრემიერმა რამდენიმე დღის წინ. ეს, ბუნებრივია, გამოიწვევს რევიზიას იმ გადაწყვეტილებებისა და ნაბიჯებისა, რომლებიც აქამდე იყო გადადგმული. ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას. მგონი, პრემიერს მართებს ფორსირებული და აქტიური მუშაობა.


- რაც შეეხება საარჩევნო სიებს, ელოდებით თუ არა ახალ სახეებს?


- სიებთან მიმართებაში ვიცი, რომ ცდილობენ, მაქსიმალურად გადაახალისონ გუნდი და არ გაიმეორონ ის ფორსმაჟორული სიტუაცია, რომელიც 2012 წლის არჩევნებში იყო, როდესაც ადამიანები სიაში სიჩქარის გამო, შემთხვევით ხვდებოდნენ. თუმცა, დრო მაინც ცოტა რჩება და არ გამოვრიცხავ, რომ ისევ ბოლო მომენტში გადაწყდეს ზოგი რამ. საბოლოო ჯამში, სიებში მოხვედრა-არმოხვედრის საკითხი რამდენიმე კაცის გადასაწყვეტია და როგორც ჩანს, მარტისთვის დაგეგმილი კონფიგურაცია კიდევ გადაიწევს 2 თვით, რადგან პარტია მზად არ არის.

 

- ოპოზიციური სპექტრი წინასაარჩევნოდ გაერთიანებას აპირებს. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ განსხვავებული ორიენტაციის პარტიების გაერთიანება და ასეთ შემთხვევაში, როგორი შანსები ექნებათ მათ ხელისუფლებაში მოსასვლელად?


- ვერ ვხედავ, რომ ოპოზიცია ერთიანი იყოს. არ მგონია, „ნაციონალური მოძრაობა" ვინმესთან გაერთიანდეს. ვიცი, რომ რამდენიმე სხვა ტიპის ჯგუფი ყალიბდება, მაგრამ ბევრი დროა დაკარგული და ამ შემთხვევაშიც ორიენტირი იქნება სახეებზე და არა პროგრამებზე. ეს არის ქართული საარჩევნო პროცესისთვის დამახასიათებელი ფაქტი, რაც ძალიან ცუდია. ყოველთვის ვფიქრობდი, მოვიდოდა დრო, როდესაც პოლიტიკური დონე იქნებოდა ისეთი, რომ ამომრჩეველი ორიენტირებული იქნებოდა პოლიტიკურ პროგრამებზე. როგორც ჩანს, ჯერჯერობით ამის დრო არ დამდგარა. არ ვფიქრობ, რომ ოპოზიციის გაერთიანება იქნება ტოტალური. ეს იქნება ჯგუფური გაერთიანება, როგორც ხდება ხოლმე. ვფიქრობ,  გასვლის შანსი აქვს მაქსიმუმ 4 სუბიექტს, როგორი ფორმითაც არ უნდა ჩამოყალიბდნენ ისინი.


- საქართველოს ხელისუფლების მხრიდან „გაზპრომთან" და „სოკართან" გაფორმებულ ხელშეკრულებებს როგორ აფასებთ?


- ოპოზიცია საუბრობს, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილება შეაცვლევინა. ეს სისულელეა. გამოდის, რომ ოპოზიციამ არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას შეაცვლევინა გადაწყვეტილება, არამედ აზერბაიჯანის ხელისუფლებასაც. ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ ახერხებენ, საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, თუ რას აკეთებენ. ასე იყო ახლაც. ეს არის ძალიან ცუდი.


რაც შეეხება აზერბაიჯანის მხარეს, ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომელიც კურირებს ენერგეტიკის სექტორს, განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ტექნიკურად არ შეუძლია, რომ საქართველოს მეტი გაზი მიაწოდოს. ახლა კი იმავე წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეუძლიათ. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლების ეს შედეგი, რომელიც მან მიიღო, ძალიან წაადგება ქვეყანას. აბსოლუტურად სწორი ნაბიჯები იყო გადადგმული. სწორად ივაჭრეს.


- რა ფორმით უნდა გააგრძელოს ქართულმა მხარემ „გაზპრომთან" ურთიერთობა?


- რუსულ გაზის სექტორზე დიდი რაოდენობით ჩაბმა კონტრპროდუქტიულია. ეს იწვნია ევროპამაც. ამ პრინციპით, რასაც დღევანდელი ოპოზიცია ლაპარაკობს, მაშინ ევროპამაც უნდა მოაწყოს აქციები „გაზპრომის" წინააღმდეგ. აქ არის პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ სარგებლიანობაზე საუბარი. მიმაჩნია, რომ „გაზპრომთან" ის ურთიერთობა, რაც ახლა გვაქვს, არ უნდა გაწყდეს. მაგრამ, უნდა დარჩეს იმ ფორმით, რა ფორმითაც არის.


- მიმდინარე მოვლენებში ირანის ფაქტორი საკმაოდ გამოიკვეთა. რა პერსპექტივები აქვს ირანისა და საქართველოს ურთიერთობას?


- დიახ, ამ ვაჭრობის კონტექსტში საკმაოდ მკაფიოდ გამოჩნდა ირანის პოზიცია, რაც ასევე საინტერესოა. ეს არის სამომავლო თემა. დღეს საქართველოსა და ირანს არ აკავშირებს ის სიმძლავრეები, ვგულისხმობ მილებს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა გაზის მოწოდება საქართველოსთვის. მაგრამ, ხომ ხედავთ, სერიოზულად მსჯელობენ ამ თემაზე. ამრიგად, მიმაჩნია, რომ ის ოპერაცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა - წარმატებულია.

 

- რუსეთი სომხეთში მიმავალი გაზის სანაცვლოდ საქართველოსთვის გაზის მაგივრად ფულის გადახდას ითხოვდა. რა შეიცვალა, რატომ დათანხმდა რუსეთი ქართული მხარის მოთხოვნებს?


- ამ საკითხზე რუსული მხარე ბლეფობდა, აშინებდა ქართულ მხარეს, რომ თუ ქართული მხარე უარს იტყოდა მის წინადადებაზე, მაშინ ის ირანიდან გაცვლის პრინციპით შეიტანდა სომხეთში გაზს. ეს არის ბლეფი, რადგან თავად რუსული მხარის ინიციატივით, თავის დროზე, როცა ირანიდან სომხეთში შეჰქონდათ გაზი, გააკეთეს ვიწრო დიამეტრის მილები, რათა სომხეთს მომავალში არ ჰქონოდა სურვილი, რომ სადმე გაეტანა იგი. ამ წვრილი დიამტერის მილებით, ირანიდან დამატებითი მოცულობის გაზის ჩამოტანა თითქმის წარმოუდგენელია.

 

- ხომ შესაძლებელია, იგივე მოთხოვნა რუსეთმა კვლავ დააყენოს და ირანთან არსებული ტექნიკური პრობლემაც მოაგვაროს?


- რასაკვირველია, მილების გადაკეთება შეიძლება, მაგრამ ამას დრო სჭირდება და ასეც იყო ნათქვამი, რომ თუ რუსეთი მოინდომებდა ირანიდან სომხეთში დამატებითი რაოდენობის გაზის შეტანას, მაშინ ერთი წელი დასჭირდებოდა ტექნიკური გადაიარაღებისთვის.


რუსეთი ამ ეტაპზე დათანხმდა იმ პირობას, რაც ქართულ მხარეს აკმაყოფილებდა. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ მომავალ წელს რუსეთმა ისევ დააყენოს ეს მოთხოვნა და ამ დროის განმავლობაში, სერიოზულად მოემზადოს.

 

- რა გამოსავალი რჩება საქართველოს?


- ერთი რამ არის აუცილებლად გასაკეთებელი. საქართველომ უნდა შექმნას გაზსაცავი. ზუსტად აქ უნდა იყოს ქართული პოლიტიკური ელიტის კონსოლიდირება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას ეს ნაბიჯი და დაპირებული გაზსაცავი აშენდეს. 25 წელია ამაზე საუბარი მიმდინარეობს, მაგრამ როგორც ჩანს, მაინც წყდება ამ ხელისუფლების ხელში და მათ უნდა ააშენონ ეს გაზსაცავი. გაზსაცავის აშენების შემთხვევაში, პრობლემა ყველანაირად მოგვარებული იქნება. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner