საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, ხორციელდება პროექტი „თანამედროვე ხელოვნების გალერეა".
16 სექტემბერს, 18:30 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში პროექტ „თანამედროვე ხელოვნების გალერეის" ფარგლებში, გაიხსნება საერთაშორისო გამოფენა „შავი ზღვის ნაპირებიდან". ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
გამოფენაში მონაწილეობენ ხელოვანები შავი ზღვის რეგიონის 6 ქვეყნიდან: ლია ბაგრატიონი - საქართველო; სებასტიან მოლდოვანი - რუმინეთი; ნეზაკეტ ექისი - თურქეთი; მარიანა ვასილევა - ბულგარეთი; Iced Architects - რუსეთი; ნიკიტა კადანი - უკრაინა;
„შავი ზღვის ნაპირებიდან" - პროექტის კონცეფციით გაერთიანებული ქვეყნები ყოველთვის წარმოადგენდნენ კულტურული ინოვაციების ცენტრებს. შავი ზღვა ყველაზე დიდი დახურული წყლის აუზია აღმოსავლეთ ევროპაში, რომელსაც არ აქვს პირდაპირი კავშირი მსოფლიო ოკეანესთან. ერთი სანაპიროდან მეორისკენ მგზავრთა გადაყვანისა და სხვადასხვა ნაპირების კავშირით, ის პოსტსაბჭოთა და აღმოსავლური ტრადიციების ნაზავს ქმნის. შავი ზღვისპირა ქვეყნები, ოსმალეთის იმპერიის, ხოლო შემდეგ უკვე საბჭოთა სისტემის გაბატონებისა და ოკუპაციის შედეგად, თითქმის გაღატაკდა. ყოველივე ეს, მწერლებისა და მხატვრების მიგრაციის მიზეზად იქცა, დასავლეთ ევროპაში, სადაც ისინი უსაფრთხო ნავსაყუდელს ეძებდნენ.
კულტურის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" მიზანად ისახავს საქართველოში თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერასა და განვითარებას. ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები აღნიშნულ პროექტს მოწვეული კურატორის - დოქტორ ჩარლზ მერევეზერის დახმარებით ახორციელებენ.
პროექტის ფარგლებში, პირველი გამოფენა 2016 წლის ივნისში, საერთაშორისო ფესტივალ „Kyev Art Week"-ის ფარგლებში მოეწყო. კიევის საგამოფენო ცენტრ „მისტეცკი არსენალში" შვიდმა თანამედროვე ქართველმა ხელოვანმა (თამარ მჭედლიშვილი, გიო სუმბაძე, ლევან მინდიაშვილი, დავით მესხი, ანა ჩადუნელი, ნინო ზირაქიშვილი, გიორგი ტაბატაძე) წარმოადგინა პროექტი „Shaping Identity ".
დამატებითი ინფორმაცია გამოფენაში მონაწილე ხელოვანების შესახებ:
ნეზაკეტ ექისი - დისციპლინირებული (ან მოსწავლე, მიმდევარი)
კონცეფცია
ახალი იდეები ყოველდღიურობიდან, სოციალური და კულტურული სივრცის რეალობიდან, ცხოვრებისეული სინამდვილიდან იბადება. ჩემს იდეას პერფომანსებსა და ინსტალაციებში წარმოვაჩენ, გამოხატვის საშუალებად კი სხეულს ვიყენებ.
ელემენტების სახით მივმართავ დროს, მოძრაობას, სივრცეს, მასალას, სხეულს, ქმედებასა და ურთიერთქმედებას. ვცდილობ შევქმნა ხელოვნების იმგვარი ნიმუში, რომელიც მაყურებელს თავისუფალ სივრცეს დაუტოვებს მომავალი ასოციაციებისა და ახალი შესაძლებლობებისათვის.
ბიოგრაფია
დაიბადა 1970 წელს ქირშეჰირში, თურქეთში. 1973 წლიდან ცხოვრობს გერმანიაში. მისი შემოქმედება მოიცავს პერფორმანსს, ინსტალაციას და ვიდეოს.
ნეზაკეტ ექისი სწავლობდა ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში და მიუნხენის სახვითი ხელოვნების აკადემიაში. მოგვიანებით, დაეუფლა პერფორმანსის ხელოვნებას მარინა აბრამოვიჩთან.
ბოლო პერიოდის პერსონალური გამოფენები: Hაუს ამ ჭალდსეე, ბერლინი (2015). ჯგუფური გამოფენები: Petach Tikva Museum ისრაელი (2015); Kunstmuseum Ravensburg (2015); ჰაიფას ხელოვნების მუზეუმი, ჰაიფა (2015); ბერნის პერფორმანსის ფესტივალი (2015); Pera Museum სტამბული (2016) და The 56th October Salon, ბელგრადი (2016).
Ice architects (Обледенение архитекторов) - ტრანსგრესია (დარღვევა წესის, კანონის, რისამე წინააღმდეგ წასვლა, ცოდვის ჩადენა)
კონცეფცია
შავი ზღვა ოდესღაც ტბა იყო მტკნარი წყლითა და ნაყოფიერი ნაპირებით. ერთი შეხედვით ეს, თითქოსდა ჰარმონიული, მოჩვენებითად სტაბილური სანაპირო ზოლი შეიქმნა, განვითარდა, ურიცხვი ბუნებრივი ციკლისა და პროცესის შედეგად. პროექტში ვცდილობთ შევქმნათ უცვლელი ჰორიზონტის სივრცე და ასევე გავაფართოვოთ მისი საზღვრები.
ბიოგრაფია
ჯგუფი „Ice archiიtects", ,,Обледенение архитекторов", ჩამოყალიბდა 1993 წელს, მოსკოვში. ამჟამად ჯგუფს წარმოადგენენ ალექსეი კონონენკო (1968) და ილია ვოზნესენსკი (1970). ორივემ დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი.
გამორჩეული ნამუშევრები: „ბერინგის სრუტესა და თარიღთა ცვლის ხაზის კვეთაზე მდებარე ობიექტი" (2002), „ხიდი მდინარის მიმდებარედ", „ახალი მოსკოვი" (2003), „ოცდაოთხსაათიანი ცხოვრებისთვის განკუთვნილი, ფასადზე დაკიდებული მოწყობილობა" (2003).
ნიკიტა კადანი --- ყველას სურს ზღვასთან ცხოვრება
კონცეფცია
გამორჩეული არქიტექტურული ფორმებისა და გამოსახულებების ნახევრად დოკუმენტურ ასახვაში ტრანსფორმირდება, ყირიმის ნახევარკუნძულის დამპყრობი მებრძოლებისა და სახელმწიფოების ფარული მოგონებები, მხატვრის პირად მოგონებებთან ერთად.
მოდერნისტული არქიტექტურის გეომეტრიული ფორმის ნახაზები, რომელნიც ყირიმელი თათრების ტერიტორიაზე მათი ეთნიკური წმენდის შემდეგ აგებულ საბჭოთა სამოთხეს გვახსენებს, ავსებს თათრების ახალი დასახლებების ამსახველ დოკუმენტურ ფოტომასალას.
ბიოგრაფია
ნიკიტა კადანი დაიბადა 1982 წელს, კიევში. 2007 წელს დაამთავრა კიევის სახვითი ხელოვნების ეროვნული აკადემია, სადაც სწავლობდა მონუმენტურ ფერწერას. 2004 წლიდან არის R.E.P. (რევოლუციური ექსპერიმენტული სივრცე) მხატვართა ჯგუფის წევრი.
ნიკიტა კადანმა მოიპოვა პინჩუკის ხელოვნების პრიზი 2014 წელს.
მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ციურიხის ხელოვნების სახლში, პინაკოთეკა დერ მოდერნში (მიუნხენი), ლიონის თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტში, სტამბულის მეთოთხმეტე, ვენეციის ორმოცდამეთექვსმეტე და კიევის პირველ ბიენალეებზე.
სებასტიან მოლდოვანი ---- მუდმივად საგუშაგოზე
კონცეფცია
გთავაზობთ მუზეუმსა და მის ფარგლებს გარეთ მოძიებული სხვადასხვა ნივთების, მასალისა და გამოსახულებებისაგან შექმნილ ინსტალაციას. ნამუშევარი წარმოადგენს ალტერნატიული მეხსიერების არქიტექტურას, ნახაზს.
ის არ არის მკაფიო, ზუსტი, მაგრამ გვიზიდავს, რათა თამამად ამოვიკითხოთ ის მოგზაურობა, რომელიც ნოველისტური ინტერპრეტაციისა და თხრობის ნაპერწკალს აღვივებს.
ბიოგრაფია
სებასტიან მოლდოვანი მუშაობს სხვადასხვა სფეროში, თუმცა განსაკუთრებით ხშირად მიმართავს ინსტალაციას. მისი ბოლო პერსონალური გამოფენები: Artists's Survivals Kit ,,თვითგადარჩენის სახელმძღვანელო მხატვრისათვის", Jan Dhaese Gallery, გენტი, ბელგია (2010) და „სიზმრების მდევარი" ბრუკენტალის ეროვნული მუზეუმის თანამედროვე ხელოვნების გალერეა, სიბიუ, რუმინეთი (2011). ბოლო ჯგუფური გამოფენები: „სამხრეთი სამხრეთ-აღმოსავლეთით" ოსეიჯის ხელოვნების ფონდი, ჰონგ-კონგი (2015), გუანჯოუს თაიმს მუზეუმი (2016), „შეწყვეტილი ისტორიების ასახვის ცენტრი", ვენეციის ბიენალე (2013).
მარიანა ვასილევა ---- „ლტოლვილები"
კონცეფცია
... ოდესღაც ზღვა იყო სიცოცხლე და ფეხსაცმელი - ნავები...
ყოველ ნავში არის ადამიანის სიცოცხლე, რომელიც ამ მშვენიერ სამყაროში დასარჩენად ებრძვის დიდ ტალღას.
ბიოგრაფია
მარიანა ვასილევა დაიბადა ანტონოვოში, ბულგარეთში. სწავლობდა ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში, გერმანიაში. 1990 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინში. 2015 წელს მოეწყო მისი მთავარი გამოფენა: „მარიანა ვასილევა - ბალანსი", სოფიის ხელოვნების გალერეა, სოფია (2013) და Kunstverein Ruhr e.V. / Essen. მიიღო მონაწილეობა მრავალ ჯგუფურ გამოფენაში, მათ შორის: „ხაზის გადაკვეთა", ვოლფსბურგის მუზეუმი, ვოლფსბურგი (2015) და ბუსანის ბიენალე (2014).
ლია ბაგრატიონი - „ეს არის ქოთანი"
კონცეფცია
„ქოთანს თიხისაგან ქმნიან, მაგრამ ჭურჭლის არსს, მასში არსებული სიცარიელე განსაზღვრავს"- ლაო-ძი.
ჩემი ნამუშევარი „ეს არის ქოთანი" წარმოადგენს იმ უხილავი სიცარიელის გამოვლენის მცდელობას, რაზედაც ჩინელი ფილოსოფოსი წერს.
ბიოგრაფია
ქართველი ხელოვანი, ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისში.
1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.
ლია ბაგრატიონი ჟენევის კერამიკის საერთაშორისო აკადემიის IAC-ის წევრია. ამჟამად ის თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორია, კერამიკის ფაკულტეტზე.
2000 წელს ლია ბაგრატიონი დაჯილდოვდა ქართული კერამიკის პირველი სიმპოზიუმის გრან-პრით.