ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა „კვირის პალიტრასთან" ფეხბურთის ფედერაციის მუშაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანდათანობით ყველაფერი დალაგდება და საფეხბურთო ნაკრები კარგ შედეგს მიიღებს.
„ვერ ვიტყვით, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი იდეალურად არის, მაგრამ ვაისი კვალიფიციური სპეციალისტია, მუშაობს და უკეთესის იმედს გვაძლევს. „ღირსეული წაგება" არც ყოფილა და არც იქნება ჩვენი მიზანი. ერთი გოლით და ძელს მორტყმული ბურთით კმაყოფილი ვერ ვიქნებით. ბევრი ქულა გვჭირდება, ისე, როგორც არასდროს! ვფიქრობ, თანდათანობით ყველაფერი დალაგდება და შედეგსაც მივიღებთ. რადგან რაც უნდა კარგი ფეხბურთელები და მწვრთნელი გყავდეს, მთავარი მაინც შედეგია", - აღნიშნა, კობიაშვილმა.
კობიაშვილმა ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა მთავარი 2017 წლის ჩემპიონატია.
„მთავარია, როგორი იქნება ჩემპიონატი, რომელიც 2017 წლიდან დაიწყება. კმაყოფილი ვარ თასის გათამაშების ფორმატის ცვლილებითაც. რეგიონებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვედა ლიგის გუნდებს სათასო მატჩების საკუთარ მოედანზე გამართვის უფლება აქვთ", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.