ავტორი ანა ფერაძე
„მემარცხენე ალიანსის" ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა „რეპორტიორთან" შალვა ნათელაშვილთან დაპირისპირებაზე ისაუბრა და ნათელაშვილი ტელედებატებში გამოიწვია.
„შალვა ნათელაშვილი ჩემთან ლაპარაკს გაურბის. თქვენი საშუალებით მინდა მას მივმართო და ვუთხრა, რომ ვიწვევ სატელევიზიო პოლემიკაში, მაგრამ ვფიქრობ, ნათელაშვილი ამას არ დათანხმდება, რადგან მისი არგუმენტები იმდენად სუსტია, ვერ შეძლებს ჩემთან ოპონირებას", - აღნიშნა შატბერაშვილმა.
შატბერაშვილის თქმით, ნათელაშვილის მომხრეები მას ურეკავენ და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან.
„შალვა ნათელაშვილის რამდენიმე მომხრემ დამირეკა და ფიზიკური ანგარიშსწორებით დამემუქრა. მემუქრებიან ოჯახის წევრების ლიკვიდაციით. ამის შესახებ ჩვენი პარტიის თავმჯდომარე კახა ძაგანიამ განცხადებით აცნობა უწყებათაშორის კომისიის თავმჯდომარეს თეა წულუკიანს და, როგორც ჩემთვის ცნობილია, მიმდინარეობს ამ საკითხის მოკვლევა.
ჩვენ ვითხოვთ იმ პირების დასჯას, რომლებიც საარჩევნო კამპანიის დროს ეწევიან მუქარას ჩემი მისამართით და არჩევნები გადაჰყავთ 90-იან წლებში", - განაცხადა შატბერაშვილმა.