logo_geo
eng_logo
ზაზა პაპუაშვილი: ჯერ კიდევ შემწევს ძალა, ვაკეთო ბევრი კარგი საქმე
- +

16 სექტემბერი. 2016. 11:21


 


„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა პაპუაშვილი „რეპორტიორთან" საპარლამენტო არჩევნებთან, წინასაარჩევნო გარემოსა და პარტიის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საუბრობს. ასევე, პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის და ნიკა გვარამიას საუბრის აუდიოჩანაწერს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტი პროკურატურამ აუცილებლად უნდა გამოიძიოს.


- ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს? თქვენი აზრით, ვინ ახორციელებს ჩაწერებს?


- როგორც ხდება ფირებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ მოგვისმენია და გვინახავს, იწყება ძიება. შეიძლება ჩანაფიქრი იყოს ასეთი, რომ მოდი, გავავრცელოთ და შემდეგ ხელისუფლება დავადანაშაულოთო. ბევრი ვარიანტი არსებობს, რომელსაც კარგად სჭირდება შესწავლა და დადგენა. რაც მოვისმინე, ნიკა გვარამია ესაუბრება პაატა ბურჭულაძეს, როგორც ხელქვეითს, ვერ გეტყვით, რა ურთიერთობა აქვთ ან ასე რატომ ესაუბრება.


ზოგადად რაც შეეხება არასანქცირებულ მოსმენებს, ეს არ არის მოსაწონი. შეიძლება გარკვეული მოსმენები, მაგრამ კანონის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს.


- თქვენ წარდგენილი ხართ დიდუბის მე-15 ოლქში. რა მოლოდინები გაქვთ?

 

- ბევრი რამ არის შეცვლილი. ამომრჩეველი ძალიან შეიცვალა. საინტერესო კითხვებს სვამენ და ძალიან კარგად ესმით ამ არჩევნების მნიშვნელობა. ჩვენი მთავარი მიზანია, დავარწმუნოთ მოსახლეობა ჩვენს გეგმებში. ხაზს გავუსვამ, პირველ რიგში, იმას, რომ ვარ გიორგი კვირიკაშვილის გუნდში. ვფიქრობ, რომ ასეთ პრემიერ-მინისტრს ბევრი ქვეყანა ინატრებს. ვიზიარებ კვირიკაშვილის გეგმას, შეხედულებებს და იდეებს. ქვეყნის მოსახლეობამ აღარასოდეს უნდა დაუშვას, რომ ქვეყნის სათავეში მოვიყვანოთ ისეთი ადამიანები, რომლებიც ვერ გაუძღვებიან და ქვეყანას უკან დახევენ. ჩემს აზრებს და ხედვებს ქვეყნის მიმართ ბევრი ადამიანი იზიარებს. ტრიბუნა, რომელიც დიდი შრომის ფასად მოვიპოვეთ, ჯობს, კარგად გამოვიყენოთ. შევქმნათ ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომ ბევრი პრობლემა მოგვარდეს და შემსუბუქდეს.


- ანუ თქვენთვის რთულად გადასალახი არ იქნება ბარიერი?

 

- ჯერ კიდევ შემწევს ძალა, ვაკეთო ბევრი კარგი საქმე. ვიცი, რა არის გასაკეთებელი და რა სირთულეებსაც წავაწყდები, მაგრამ ეს არ მაშინებს.


- ბევრი პრეტენზია გამოითქვა კოალიციიდან გასული პარტიების მიმართ, განსაკუთრებით რესპუბლიკურ პარტიაზე. თქვენ როგორ აფასებთ?

 

- პრეტენზიები მეც მქონია რესპუბლიკურ პარტიასთან ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ ბევრი კანონი შევქმენით ერთად. არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ კოალიციის დროს სასიკეთო კანონები შექმნილა. რადგან ოპონირების რეჟიმში ვართ გადასული, გავიაროთ ეს მარათონი მშვიდად და უფრო ნათელი სურათი იქნება პოლიტიკურად. მათაც აქვთ პრეტენზიები და „ქართულ ოცნებასაც".


- ამომრჩეველს აქტიურად ხვდებით. რა პრობლემებზე გესაუბრებათ მოსახლეობა?

 

- რაც არის გაკეთებული, ძალიან მახარებს. როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, წელიწადნახევრის განმავლობაში საბოტაჟის რეჟიმში ვიმუშავეთ. სანამ თვითმმართველობაში არჩევნები მოხდებოდა და რეფორმები განხორციელდებოდა, მანამდე ძალიან რთული იყო ადგილობრივ თვითმმართველობასთან მუშაობა. არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვნად წავიდა საქმე წინ.


თბილისის ყველა უბნის პრობლემები წააგავს ერთმანეთს. ეს შეეხება დევნილთა პრობლემებს, რომლებიც დიდუბის რაიონში ბევრი არიან. მიხარია, რომ დევნილები დიდუბეში კარგად არიან მოვლილები და ძალიან ბევრი რამ არის გაკეთებული. დაზიანებული სახლები, ინფრასტრუქტურა და ა.შ. ამ პრობლემებს, თითოეული დეპუტატი მარტო ვერ მოაგვარებს, აუცილებელია, მოგვარდეს მთავარი პრინციპი, რომელიც კარგად უნდა ამოიხსნას და იმის მიხედვით ყველა უბანში მოგვარდება ეს პრობლემები. ბევრი არის გაკეთებული და ასევე გაკეთდება, ყველა ხარვეზი გამოსწორდება.

 

- წინასაარჩევნო გარემოს როგორ შეაფასებდით?

 

- წინასაარჩევნო გარემოსთან საპრეტენზიო არაფერი მაქვს. მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მოსახლეობას ვხვდებით. მთავარია, რამდენად ვართ მოსახლეობასთან კონტაქტში. ძალიან ბევრ ნაწილში გვაქვს თანხვედრა. ჩვენ და მოსახლეობა ერთნაირად ვფიქრობთ და ერთი რამ გვაწუხებს. ყველას აქვს იმის საშუალება, რომ ელაპარაკოს თავის ამომრჩეველს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner