პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტექნოპარკში განაცხადა, რომ სტარტაპების პროექტების დახვეწის მიზნით, მენტორშიფის პროგრამის ფარგლებში, თითოეული გუნდისთვის სახელმწიფო 25 000 ლარს გამოყოფს.
მისი თქმით, აღნიშნულ თანხას გუნდებს სახელმწიფო გამოუყოფს.
„სულ რამდენიმე ხნის წინ ჩვენ გამოვავლინეთ პირველი გამარჯვებულები. ეს იყო 20 გუნდი ინოვაციური იდეებით, რომელიც გამოავლინა „სილიკონ ველიდან" მოწვეულმა ექსპერტთა ჯგუფმა. ეს არის კომპანიები, რომლებსაც აქვთ ყველანაირი პოტენციალი იმისა, რომ ისინი თავიანთი იდეებით გლობალურ ბაზარზე გავიდნენ. პირველი გამარჯვების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მათი კომპლექსური მხარდაჭერა იმისთვის, რომ იდეებმა საბოლოოდ შეისხან ხორცი. ჩვენ გადავდივართ მეორე ეტაპზე, რომელიც არის კომპლექსური მხარდაჭერა - მენტორშიფი, რაც თავისთავში გულისხმობს 25 000-ლარიან დაფინანსებას თითოეული გამარჯვებული გუნდის, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ეყოლებათ პარტნიორი, რომელიც წარმოდგენილი იქნება როგორც დამოუკიდებელი პარტნიორი პარტნიორთა საბჭოებზე და მათთან ერთად მიიღებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებას. ამავე დროს, ექსპერტები „სილიკონის ველიდან" ძირითადად მიეხმარებიან იმისთვის, რომ ხორცშესხმული იყოს პირველი პროტოტიპები მათი იდეებისა თუ პროდუქტების. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური მოდელების საბოლოო დახვეწა, მარკეტინგის და ბრენდინგის, სამიზნე აუდიტორიის ჩამოყალიბება და საბოლოდ უკვე გლობალურ ინვესტორებთან გასვლა. დღეს გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა გამარჯვებულ გუნდებთან", - განაცხადა ქუმისიშვილმა.
მისივე თქმით, მენტორშიფის დასრულების შემდეგ ყველა ის სტარტაპი, რომელიც მზად იქნება შემდეგი სტადია დაფინანსების მისაღებად, სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ გამგზავრებას „სილიკონ ველში", სადაც ინტენსიური 2-კვირიანი ტრეინინგი ჩაუტარდებათ და შემდეგ ინვესტორთა ფართო წრის წინაშე წარსდგებიან.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ქაშიბაძის განცხადებით, პროგრამაში „სილიკონის ველიდან" 30-ზე მეტი მენტორი მიიღებს მონაწილეობას. ისინი სტარტაპების კონსულტაციას დარგების მიხედვით განახორციელებენ.
„ეს არის აუცილებელი ელემენტი, რათა ჩვენ სტარტაპები ავიყვანოთ იმ სტანდარტებამდე, რაც მათთვის წარმატების მოპოვების საფუძველი იქნება", - განაცხადა ირაკლი ქაშიბაძემ.
ტექნოპარკში პროგრამის „სტარტაპ საქართველოს" მენტორშიფის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც „სილიკონ ველის" უცხოელი ექსპერტების მიერ ცოდნის გაზიარებას და პროექტების დახვეწას ითვალისწინებს და მისი ღირებულება თითოეული გუნდისთვის 25 000 ლარს შეადგენს.