logo_geo
eng_logo
რთველი 2016-ის ფარგლებში სახელმწიფო სუბსიდიის გაცემის პროცესი დაიწყო
- +

16 სექტემბერი. 2016. 12:56



რთველი 2016-ის ფარგლებში სახელმწიფო სუბსიდიის გაცემის პროცესი დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ის მევენახეები, რომლებმაც  ღვინის კომპანიებს ყურძენი 15 ან უფრო მეტი დღის წინ ჩააბარეს, უკვე შეძლებენ მიიღონ კუთვნილი სუბსიდიის თანხა.



ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი სამანიშვილის განცხადებით, მევენახეებმა კუთვნილი სუბსიდიის მისაღებად ბანკებს არაუგვიანეს 2016 წლის 15 დეკემბრისა უნდა მიმართონ.



დაიწყო სახელმწიფო სუბსიდიის გაცემის პროცესი, რაც ნიშნავს, რომ მევენახეს, რომელსაც ყურძენი ჩაბარებული აქვს 15 დღის წინ ან უფრო ადრე, შეუძლია მიმართოსლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალს და მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღოს კუთვნილი სახელმწიფო სუბსიდია. მინდა შევახსენო მევენახეებს, რომ ამ თანხის მიღება მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს, მაგრამ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 15 დეკემბრისა", - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.



კახეთში რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. 16 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია  27 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან 11,4 ათასი ტონა რქაწითელი, 12,8 ათასი ტონა საფერავი,  1,2 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.



ამასთან, ღვინის კომპანიებს ყურძენი უკვე 4 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.  ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 23  მლნ-მდე ლარი მიიღეს.



ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 135 ღვინის კომპანია.  ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 46 ღვინის კომპანია, მათ შორის, 11 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა, რომლებიც განლაგებულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ყვარლის, ლაგოდეხის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.


ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე  სუბსიდია გაიცემა:


კახეთის  რეგიონში რქაწითელზე და  კახურ მწვანეზე - 1 კგ-ზე  - 0,45 ლარი;


 საფერავზე -  1 კგ-ზე - 0,20 ლარი;


რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე -  1 კგ-ზე - 2 ლარი.


დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner