logo_geo
eng_logo
გოგლა ჟვანია: ვრჩები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად!
- +

16 სექტემბერი. 2016. 12:59



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგლა ჟვანია „რეპორტიორთან" პოლიტიკიდან წასვლის შესახებ საუბრობს. ჟვანიამ, მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზეც ისაუბრა და პოლიტიკური სუბიექტები შეაფასა. ასევე დეპუტატი ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის საუბრის აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა.


- ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს? თქვენი აზრით, ვინ ახორციელებს ჩაწერებს?

 

- სასაცილოა, როდესაც ოპოზიციური ტელევიზიის ხელმძღვანელი ელაპარაკება ასეთი ფორმით ადამიანს, რომელსაც ქვეყნის მართვის ამბიცია აქვს. ასევე სატირალია, რომ ეს ყველაფერი ხდება ჩვენს ქვეყანაში და ეს არის ჩვენი რეალობა.


პაატა ბურჭულაძე როდესაც გამოჩნდა პოლიტიკაში, იყო საზოგადოებაში მოლოდინები, რომ ის იქნებოდა ალტერნატიული ძალა, რომელიც სიახლეს შესთავაზებდა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს იმედები არ მართლდება. ამ პოლიტიკური ორგანიზაციის რეპუტაციას, ეს ფაქტი ნამდვილად არ წაადგება.


თავისთავად მსგავსი ჩანაწერების არსებობა არასასიამოვნოა. მე არ ვთვლი, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხდება მოსმენები ან თვალთვალი. უამრავი ტექნოლოგიური საშუალება არსებობს, რომელსაც არა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურები ფლობენ, არამედ სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც. ეს ფაქტი არის გამოსაძიებელი და პროკურატურა ვალდებულია, გამოიძიოს, როგორ გაჩნდა აღნიშნული ჩანაწერი. თუ გვსურს, ავაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო, მაშინ მისი გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია.


- თქვენ არ ხართ „ქართული ოცნების" პარტიულ სიაში და არც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხართ დასახელებული. რატომ არ იღებთ მონაწილეობას ამ არჩევნებში? ეს თქვენი გადაწყვეტილებაა თუ პარტიის?


- პოლიტიკაში ჩართვისას ორი მიზანი მამოძრავებდა, ერთი იყო იმ მანიაკალური რეჟიმის მოცილება ქვეყნისათვის, რომელიც 2012 წლამდე იყო და მეორე - ჩემი ძმის საქმე, რომელიც ჯერჯერობით არ არის გამოძიებული. მიმდინარეობს პროცედურა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მალე დასრულდება.


შეიძლება ითქვას, რომ ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულდა. იმედი მაქვს, საქართველოში აღარ დადგება ისეთი მომენტი, რომ არაპოლიტიკურ ადამიანებს სჭირდებოდეთ პოლიტიკაში ჩართვა.


- მოსალოდნელია, მომავალ აღმასრულებელ ხელისუფლებაში რომელიმე რგოლში გიხილოთ?

 

- გამოვრიცხავ ჩემს მონაწილეობას რაიმე სახელმწიფო სტრუქტურებში.

 

- ახლა, როდესაც აღარ ხართ პოლიტიკაში, როგორ შეაფასებთ მიმდინარე პროცესებს, წინასაარჩევნო გარემოს, „ქართულ ოცნებას" და სხვა პარტიებს?

 

- რასაც ადრე ვფიქრობდი, ახლაც იმავეს ვფიქრობ. ვრჩები „ქართული ოცნების" მხარდამჭერად. ყველას, ვისთვისაც საინტერესოა ჩემი აზრი, მოვუწოდებ, რომ ჩემი აზრი გაიზიარონ. „ქართული ოცნება" არის ერთადერთი ძალა, რომელიც შეძლებს ყველა პრობლემის გადაწყვეტას, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. სამწუხაროდ, მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა 2012 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით. ეკონომიკური განვითარება „ნაციონალური მოძრაობის" დროს ხდებოდა კატასტროფულად დიდი ვალების აღების ხარჯზე. 2013 წელს დაუდგა ქვეყანას ვალდებულებების გასწორების დრო. მიმაჩნია, რომ ყველა დაპირება, რომელიც 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ" გასცა, მნიშვნელოვანწილად შეასრულა. წინასაარჩევნოდ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები ხალხს ატყუებდნენ, „ქართული ოცნება" კი ცდილობს, ყველა დანაპირები შეასრულოს.


- „ქართული ოცნების" ახალ სახეებს როგორ შეაფასებდით?

 

- გუნდში არიან სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები. მაღალი გამოცდილების მქონე პიროვნებები არიან და იმედი მაქვს, ისინი შეძლებენ ქვეყნისთვის სარგებლის მოტანას უკვე საპარლამენტო საქმიანობით. ჩვენს ქვეყანას სჭირდება რეფორმები ყველა სფეროში. მათ განხორციელებას კი სჭირდება ადამიანები, რომლებსაც შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება გააჩნიათ. ზუსტად ასეთი ადამიანები არიან დღეს „ქართული ოცნების" გუნდში. მათი საქმიანობა, დარწმუნებული ვარ, იქნება წარმატებული.


­- შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ზოგიერთი პოლიტიკური პარტა პროვოკაციებს გეგმავს. თქვენი აზრით, რამდენად მშვიდ გარემოში ჩატარდება არჩევნები?

 

- გამომდინარე იქიდან, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ექსცესებს ადგილი არ ჰქონია, საპარლამენტო არჩევნებიც ჩაივლის მშვიდად. ასეთი მშვიდი გარემო ჯერ არ მახსენდება, თუმცა საშიშროება არსებობს, რადგან არსებობს „ნაციონალური მოძრაობა", რომლისთვისაც ნათელია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების რესურსი არ გააჩნიათ, ამიტომ მათი მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ დესტაბილიზაცია. თუმცა, არა მგონია, იმხელა ადამიანური რესურსი ჰქონდეთ, რომ შეძლონ პროვოკაციების განხორციელება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner