logo_geo
eng_logo
„სილიკონ ველში“ წარსადგენი პროექტების მომზადების პროცესს მთავრობა დააფინანსებს
- +

16 სექტემბერი. 2016. 15:02


 

„ჩვენ გადავდივართ მეორე ეტაპზე, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან თითოეული გუნდისთვის 25-ათას ლარიან დაფინანსებას, რათა თქვენ შეძლოთ თქვენი პროექტების დემოვერსიების შექმნა, ფინანსური მოდელების საბოლოოდ დახვეწა, მარკეტინგის და ბრენდინგის ჩამოყალიბება, სამიზნე აუდიტორიის ჩამოყალიბება და საბოლოოდ უკვე გლობალურ ინვესტორებთან გასვლა", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტექნოპარკში პროგრამა „სტარტაპ საქართველოს" ინოვაციური ბიზნესპროექტების კონკურსში გამარჯვებულ გუნდებთან შეხვედრისას განაცხადა.


„რამდენიმე ხნის წინ ჩვენ გამოვავლინეთ პროგრამის პირველი გამარჯვებულები. ეს იყო 20 გუნდი ინოვაციური იდეებით, რომლებიც გამოავლინა „სილიკონ ველიდან" მოწვეულმა ექსპერტთა ჯგუფმა. ესენი არიან კომპანიები, რომლებსაც აქვთ ყველანაირი პოტენციალი, რომ გლობალურ ბაზარზე გავიდნენ თავიანთი იდეებით. თუმცა პირველი გამარჯვების შემდეგ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს მათი კომპლექსური მხარდაჭერა იმისთვის, რომ იდეებმა საბოლოოდ ხორცი შეისხან", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

კომპლექსური მხარდაჭერის,  მენტორშიფის პროგრამა გუნდებისთვის „სილიკონ ველის" უცხოელი ექსპერტების მიერ სტარტაპებისთვის ცოდნის ონლაინ  გაზიარებასა და მათი პროექტების დახვეწას ითვალისწინებს, რასაც სახელმწიფო  თითოეული გუნდისთვის 25 000 ლარით დააფინანსებს.


„გუნდებს ეყოლებათ პარტნიორი, რომელიც წარმოდგენილი იქნება როგორც დამოუკიდებელი პარტნიორი პარტნიორთა საბჭოებზე და გადაწყვეტილების მიღების დროს მათთან ერთად მიიღებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებას. ამავე დროს უკვე  „სილიკონ ველის" ექსპერტები გუნდებს ძირითადად მიეხმარებიან იმისთვის, რომ დამზადებული და ხორცშესხმული იყოს მათი იდეების თუ პროდუქტების, ასე ვთქვათ,  პირველი პროტოტიპები. ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ მოხდება პროექტების  ფინანსური მოდელების საბოლოოდ დახვეწა, მარკეტინგის და ბრენდინგის ჩამოყალიბება, სამიზნე აუდიტორიის ჩამოყალიბება და საბოლოოდ უკვე გლობალურ ინვესტორებთან გასვლა", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


გუნდები  ინდივიდუალურ მენტორებთან ერთად სახელმწიფოს ხელშეწყობით ინტენსიურად იმუშავებენ, რაც ჯამში, 40 საათს მოიცავს. ამ პერიოდის განმავლობაში გუნდები ბიზნესის ჩამოყალიბების ყველა კუთხით დატრენინგდებიან, რაც გაზრდის მათ პოტენციალს, წარმატება მოიპოვონ საერთაშორისო ბაზარსა და „სილიკონის ველზე."


მენტორშიფის დასრულების შემდეგ ყველა ის სტარტაპი, რომელიც მზად იქნება შემდეგი  დაფინანსების სტადიის გასავლელად, სახელმწიფოს უზრუნველყოფით  გაემგზავრება „სილიკონ ველში", სადაც 2-კვირიანი, ინტენსიური ტრენინგი ჩაუტარდებათ და ამის შემდეგ უკვე საბოლოოდ წარსდგებიან ინვესტორთა ფართო წრის წინაშე.


„მეორე ეტაპი, რომელსაც დღეს გამარჯვებული გუნდები იწყებენ, არის კონკურსი, ოღონდ  კონკურსი თავის თავთან. ანუ გუნდები არა ერთმანეთს, არამედ მხოლოდ თავიანთ თავს უნდა შეედარონ და თუ ისინი მოახერხებენ, რომ მენტორშიპის ბოლოს მათი იდეების მომზადების დონე ექსპერტების შეფასებით, იქნება მაღალი,  ისინი გამეგზავრებიან  აშშ-ში დამატებით ორკვირიან ინტენსიურ ტრენინგებზე,  რაც საბოლოო ჯამში დაგვირგვინდება უკვე ინვესტორებთან იდეების წარდგენით", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


ტექნოპარკში გუნდებთან გამართულ შეხვედრას პირველ ვიცე-პრემიერთან ერთად სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ქაშიბაძე და მისი მოადგილე ავთანდილ კასრაძე ესწრებოდნენ, რომლებმაც გუნდების წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს.


შეგახსენებთ,  რომ ,,სტარტაპ საქართველო" საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საპარტნიორო ფონდის მიერ განხორციელებული საინვესტიციო პროგრამაა, რომლის ფარგლებში მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეების 50 ფინალისტიდან 20-მა მოიპოვა ინვესტიცია. მათ საკუთარი პროექტები  „სილიკონ ველის" რვა ვენჩურული ინვესტორის წინაშე წარადგინეს. თითოეული  გამარჯვებული გუნდი  ,,სტარტაპ საქართველოს"  ფარგლებში 100 000 ლარამდე დაფინანსდა.  ბენეფიციარებს არ მოეთხოვებათ პროექტის თანადაფინანსება და მათი წილი კომპანიაში 95%-ია. მათი განვითარების პოტენციალზე საქართველოს მთავრობა ზრუნავს, როგორც აღნიშნული მენტორინგის განხორციელებით, ისე ზოგადად ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემის ფორმირებით, რაც სტარტაპებს სამუშაო პროცესებს გაუმარტივებს და სწრაფი განვითარების საშუალებას მისცემს.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner