საქართველო ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა. როგორც „მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების" 2016 წლის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში მეხუთე-მეცხრე ადგილი გაიყო ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა კანადა, ირლანდია, მავრიკი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები.
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გუშინ გამოქვეყნდა და ის 2014 წლის მონაცემებს ეყრდნობა. ინდექსი ზომავს 159 ქვეყანაში სხვადასხვა მონაცემებს, როგორიცაა: პირადი არჩევანის უფლება, ბაზარზე შესვლის შესაძლებლობები, საკუთრების უფლების დაცვა, კანონის უზენაესობა და ა.შ.
ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალი ქვეყანა ჰონგ-კონგია, სიაში შემდეგია სინგაპური, ახალი ზელანდია და შვეიცარია.
რეიტინგში მეათე-მეთერთმეტე ადგილები გაიყვეს გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამ.
ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით, ყველაზე ცუდი მდგომარეობა არგენტინაში,კონგოში, ლიბიასა და ვენესუელაშია.
„ეკონომიკური თავისუფლება გულისხმობს კეთილდღეობას და ცხოვრების მაღალ დონეს, როდესაც დაბალი თავისუფლების მქონე ქვეყნებში დესპოტური რეჟიმებია, რომელიც ზღუდავს მოქალაქეების თავისუფლებას", - ნათქვამია ოფიციალურ მედიარელიზში.