ავტორი ანა ნონიკაშვილი
პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და განაცხადა, რომ მხოლოდ ორ პარტიას - „ქართულ ოცნებას" და „ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა.
„ყოველთვის ვამბობდი, რომ სამი ჯგუფია პოლიტიკური პარტიების. პირველ ჯგუფში არიან „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა", რომლებსაც 5%-იანი ბარიერის დაძლევის პრობლემა არ ექნებათ. მეორე ჯგუფში შედიან პარტიები, რომლებსაც აქვთ შანსები, მაგრამ არა გარანტირებული. ესენია: „პატრიოტთა ალიანსი", ნინო ბურჯანაძე, ნათელაშვილი, „ფორუმი", „თავისუფალი დემოკრატები" და „რესპუბლიკელები".
ბურჭულაძის პარტია უკვე პრობლემატური ხდება. აქამდე ჰქონდა შანსები, მაგრამ ახლა დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვით.
სხვა ორგანიზაციებს რაც შეეხებათ, არანაირი შანსი არ აქვთ ბარიერის გადალახვის. რა თქმა უნდა, პატარ-პატარა პროცენტები განაწილდება, მაგრამ ბარიერის დაძლევისთვის საკმარისი არ აღმოჩნდება",- განაცხადა ძაბირაძე.