ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, მეგის ქარდავა ის მაღალჩინოსანი იყო, რომლისკენ ხელს არა მხოლოდ ციხეგამოვლილი და ნაწამები პატიმრები, არამედ ციხის და პოლიციის ყოფილი თანამშრომლებიც იშვერენ.
ექსპერტის თქმით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკშვილის მიერ, შსს ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას ღირსებით ორდენებით დაჯილდოვება, სამარცხვინოა.
"დაზარალებულთა უდიდესი ნაწილი, ვინც გაიარა ციხე, ჯოჯოხეთური წამება, მისკენ იშვერენ თითს. სხვათა შორის, არა მხოლოდ დაზარალებულები, არამედ ციხის და პოლიციის თანამშრომლები, განსაკუთრებით სამეგრელოში. ისინი თითქმის ერთ ხმაში ამბობენ, რომ მათ ასეთი ტიპის დავალებას მეგის ქარდავა აძლევდა. არა მხოლოდ ოფიციალურ ჩვენებებში, ამას ამბობენ სუფრაზე, სამეგობროსა, თუ სანათესაოში. ეს პიროვნება არის ერთ-ერთი, ვისაც ჩემი ღრმა რწმენით და მეც მაქვს ინფორმაცია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ნაწილი თან აქვს წაღებული, დუბლიკატები",- განაცხადა ექსპერტმა "პირWელთან" საუბარში.
არეშიძის თქმით, მეგის ქარდავა იყო იარაღი წინა ხელისუფლების ხელში, თუმცა იცოდა რასაც აკეთებდა და შეგნებულად აკეთებდა ამას.
"მეგის ქარდავას ღირსების ორდენით დაჯილდოვება სამარცხვინო ფაქტია. მეც მაქვს ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენი და შეიძლება გარკვეულწილად შეურაცხმყოფელიც იყოს ის, რომ მე და ქარდავას ერთი დასახელების ორდენი გვაქვს. ამ დროს უამრავი ვაჟკაცია დაჯილდოვებული სიკვდილის შემდეგ ამ ორდენით, განსაკუთრებით ისინი, ვინც თავი გაწირეს ქვეყნისთვის. მე არ ვიცი, რა დამსახურებისთვის მიეცა მეგის ქარდავას ეს ორდენი, ვერც წარმომიდგენია რა დამსახურება შეიძლება ჰქონდეს კაცს საქართველოს და ქართველების წინაშე, ამიტომ ეს არის სამარცხვინო ფაქტი", - განაცხადა ექსპერტმა.
დღეს, სოციალური ქსელის მეშვეობით, გავრცელდა დოკუმენტები, სადაც ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, მეგის ქარდავა საქართველოს პრეზიდენტის რანგში, 2010 წელს ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით, ხოლო 2012 წელს ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
2010 წლის 20 დეკემბრის, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის №1168 განკარგულებაში აღნიშნულია, რომ გორგასლის ორდენი მეგის ქარდავას, ქვეყნის უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წყობილების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის გადაეცა. განკარგულების თანახმად, მოცემულ დროს მეგის ქარდავა შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე-დეტექტივების სამმართველოს უფროსად მუშაობდა.
როგორც 2012 წლის 19 მაისის, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის №19/01/05 განკარგულებაშია აღნიშნული, ღირსების ორდენი მეგის ქარდავას, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის გადაეცა.
განკარგულების თანახმად, მოცემულ დროს მეგის ქარდავა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.