ავტორი ანა ფერაძე
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე „რეპორტიორთან" საუბარში პრემიერ-მინისტრის ინიციატივას გამოეხმაურა, რომ პოლიტიკურმა ძალებმა არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმონ.
ბარამიძის თქმით, პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" მიიჩნევს, რომ კონტრაქციების ჩატარება კარგი არ არის და პრემიერის ინიციატივას მიესალმება.
„ჩვენი პარტია ფიქრობს, რომ კონტრაქციები კარგი არ არის. განურჩევლად პარტიების დამოკიდებულებისა, ყველას საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ ნორმალურად ჩაატაროს საარჩევნო კამპანია. კონტრაქციებისა და კონტრმიტინგების ჩატარება საჭირო არ არის.
ჩვენი პარტია ამ ინიციატივით ყოველ არჩევნებზე გამოდიოდა. კარგია, თუ ეს ნამდვილად განხორციელდება. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ასეთ მიდგომას", - განაცხადა ბარამიძემ.